დარწმუნებული ვარ, 2024 წელს ერთობლივი ძალისხმევით არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას განვახორციელებთ და ჩვენს შვილებს შევუქმნით უკეთეს გარემოს, სადაც შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას შეძლებენ - გიორგი ამილახვარი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი განათლების სფეროს წარმომადგენლებსა და სრულიად საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს.
„გილოცავთ ახალ 2024 წელს! განსაკუთრებით მსურს, მივულოცო განათლების სფეროს წარმომადგენლებს, მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს, სკოლის ხელმძღვანელებს, სტუდენტებს, პროფესორებს, მეცნიერებს.
2023 მართლაც გამორჩეული წელი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. გვქონდა მრავალი წარმატება და, რაც მთავარია, გავხდით ისტორიული მოვლენის მომსწრე - საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო.
ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საქართველოს უკეთეს მომავალზე ზრუნვას და ქვეყნის სასარგებლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია განათლება, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ სწორედ განათლებული თაობა ქმნის ძლიერი ევროპული ქვეყნის შენების მყარ საფუძველს.
საქართველოს სჭირდება ახალი ხედვები, ინოვაციური იდეები - ამისთვის საჭირო ენერგია და შემართება კი სწორედ ჩვენს ახალგაზრდებშია. დარწმუნებული ვარ, 2024 წელს ერთობლივი ძალისხმევით არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას განვახორციელებთ და ჩვენს შვილებს შევუქმნით კიდევ უფრო უკეთეს გარემოს, სადაც მათ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენის შესაძლებლობა ექნებათ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, მთელი გულით გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. მჯერა, 2024 წელი იქნება განვითარების, წარმატებისა და გამარჯვების წელი თითოეული თქვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის!“, - აცხადებს გიორგი ამილახვარი.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.