დარწმუნებული ვარ, გადაივლის ემოციური ფონი და საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი სწორ მხარეს დადგება - კოტე ზარნაძე
თბილისის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’ თავმჯდომარის მოადგილე წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე დედაქალაქის მერის გამოსვლას გამოეხმაურა.
სიტყვის დასაწყისში კოტე ზარნაძე კახა კალაძეს და მთავრობის წევრებს მიესალმა და თბილისის მერს როგორც დედაქალაქის, ასევე ქვეყნის განვითარებისთვის გაწეული შრომისთვის გადაუხადა მადლობა.
,,გასული 2-3 წლის მანძილზე ყველამ დაინახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის როგორც ეკონომიკური, ასევე ფიზიკური გადარჩენა. ერთი ფაქტი, რომელიც ეკონომიკურად გაგვანადგურებდა და რომელზეც მუდმივად აპელირებდა ოპოზიცია, ეს იყო სანქციების დაწესება. რაც შეეხება უსაფრთხოებას და ფიზიკურ განადგურებას, კარგად გვახსოვს, თუ როგორ ითხოვდნენ ჩვენი ოპონენტები მოხალისეების და მებრძოლების უკრაინაში გასაგზავნად ჩარტერული ფრენების დანიშვნას,’’-განაცხადა კოტე ზარნაძემ.
მან ასევე იმ ბულინგზე ისაუბრა, რომელიც ხორციელდება როგორც პოლიტიკური ლიდერების, ასევე მათი ოჯახების მიმართ და აღნიშნა, რომ ის გუნდი, რომლის წევრიც არის, არასდროს დაუშვებს მსგავს ფატალურ შედეგებს, რაც ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა ხელისუფლების მმართველობის დროს ხდებოდა.
კოტე ზარნაძემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ განვლილ პერიოდს მომავალი თაობა სწორად შეაფასებს.
,,ჩვენ ვიცავთ ეთიკას, მათ კი ეს საზღვრები არ გააჩნიათ. დარწმუნებული ვარ, გადაივლის ემოციური ფონი და საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი სწორ მხარეს დადგება, ხოლო ჩვენი ქვეყანა ამ ბეწვის ხიდს მშვიდობიანად, ამაყად და თავაწეული გაივლის’’,-აღნიშნა ზარნაძემ და დედაქალაქის მერს და მთავრობის წევრებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.