დასკვნითი გაცვლითი კონფერენცია - ურბანული ლაბორატორიები საქართველოში: იდეებიდან განხორციელებამდე, თქვენს ქალაქს სჭირდება თქვენი იდეები
დასკვნითმა კონფერენციამ „ურბანული ლაბორატორიები საქართველოში: იდეებიდან განხორციელებამდე“ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, სათემო ჯგუფები, დამოუკიდებელი ურბანული ექსპერტები, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე პარტნიორი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები გააერთიანა.
კონფერენციის მიზანი იყო პროექტის „მდგრადი ურბანული განვითარება“ (SUD) ფარგლებში შექმნილი ურბანული ლაბორატორიების გამოცდილების გაზიარება, მიღწეული შედეგების შეჯამება და მუშაობის პროცესში გამოვლენილი ძირითადი მიგნებებისა და გამოწვევების განხილვა.
გერმანიის ეკონომიკური თანამშრო=მლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებდა პროექტს „მდგრადი ურბანული განვითარება“ (SUD), რომლის მიზანი იყო ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერა ურბანული ინიციატივების შემუშავებასა და განხორციელებაში, მონაწილეობითი დაგეგმარების გაძლიერება და მუნიციპალურ დონეზე თანამშრომლობის ხელშეწყობა.
მუნიციპალიტეტების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, პროექტმა ხელი შეუწყო ისეთი პრაქტიკული მიდგომების შემუშავებას, რომლებიც საქართველოში უფრო ინკლუზიური, კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი და საცხოვრებლად ხელსაყრელი ურბანული გარემოს შექმნას ემსახურება.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა საქართველოში, ბარბარა ფოსმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა, GIZ-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, დანიელ ბუშემ და GIZ-ის პროექტის „მდგრადი ურბანული განვითარება“ (SUD) დირექტორმა, ანკა დერიხსმა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა საქართველოში, ბარბარა ფოსმა, ყურადღება გაამახვილა მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისეთი ურბანული გარემოს ფორმირებაში, რომელიც ადამიანთა საჭიროებებზეა მორგებული და ხელს უწყობს პლურალისტური საზოგადოების განვითარებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საცხოვრებლად ხელსაყრელი, ინკლუზიური და მდგრადი ურბანული გარემოს შექმნა ყველა ძირითადი დაინტერესებული მხარის აქტიურ ჩართულობასა და თანამშრომლობას მოითხოვს.
საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერის მიმართ და ყურადღება გაამახვილა ახლახან გამოცხადებულ 38 მილიონი ევროს დაფინანსებაზე, რომელიც ახალი პროექტების განხორციელებას მოხმარდება. ინიციატივის „EUwithYou“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტები მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით ოჯახებისა და ადგილობრივი თემების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
ეკონომიკური უთანასწორობის შემცირების მიზნით, ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს მცირე ქალაქებსა და დაბებში ინკლუზიურ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. ახალი პროექტები შექმნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს, განსაკუთრებით ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის, და ამავდროულად ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობასა და გაუმჯობესებას.
აღნიშნული 38 მილიონი ევროს დაფინანსების ფარგლებში, ევროკავშირი მომდევნო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში 4,5 მილიონ ევროს გამოყოფს ინიციატივისთვის „ევროკავშირი მდგრადი ურბანული განვითარებისთვის“ (EU for Sustainable Urban Development), რომელიც ევროკავშირისა და გერმანიის ერთობლივი ინიციატივაა. ნიკოლას სენდროვიჩმა აღნიშნა, რომ GIZ-ის მრავალწლიანი გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა მყარ საფუძველს შექმნის კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მისაღწევად.
კონფერენციის პირველ ნაწილში წარმოდგენილი იყო ურბანული ლაბორატორიების საქმიანობის შედეგები ხუთ პარტნიორ ქალაქში, სადაც ჯამში 360 000 ადამიანი ცხოვრობს.
ბათუმში, ძველი ბათუმის ისტორიულ უბანში, მიმდინარე ღონისძიებები მიზნად ისახავს ურბანული გარემოს გაუმჯობესებას დაახლოებით 15 000 მცხოვრებისა და ქალაქის სტუმრებისთვის. გორში ყურადღება გამახვილდა ჭალის უბნის საზოგადოებრივი და გამწვანებული სივრცეების კეთილმოწყობაზე, ზუგდიდში - ქალაქის ცენტრალური ნაწილის გაუმჯობესებაზე, ხოლო ონსა და სამტრედიაში - ბუნებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტებზე.
ამ პროცესებში აქტიურად მონაწილეობდა 30 ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია. საერთო ჯამში, ხუთივე ქალაქში 350-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთო კლიმატის ცვლილებებთან ადაპტირებული და საცხოვრებლად ხელსაყრელი ურბანული გარემოს შექმნისთვის საჭირო გადაწყვეტილებების შემუშავებაში.
პროექტის ფარგლებში სამ ქალაქში, ურბანული ანალიზის, ადგილობრივი საჭიროებებისა და მონაწილეობითი პროცესების საფუძველზე, შემუშავდა სამეზობლო კონცეფციები, რომლებიც ურბანული გარემოს გაუმჯობესების სხვადასხვა გადაწყვეტას მოიცავს. მათი ნაწილი სადემონსტრაციო პროექტების სახით ხორციელდება. ასევე მომზადდა საქართველოს საჯარო ინვესტიციების სტანდარტებთან შესაბამისი, დაფინანსებისთვის მზადყოფნაში მყოფი საინვესტიციო პროექტები. ურბანული ლაბორატორიების გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავდა პოლიტიკის რეკომენდაციები, პრაქტიკული ინსტრუმენტები და ცოდნის გაზიარებისთვის განკუთვნილი მასალები.
პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა მუნიციპალური ენერგომენეჯმენტის გაძლიერება. ოთხ მუნიციპალიტეტში დაინერგა ენერგომენეჯმენტის სისტემები (EMS) და ჩატარდა ენერგოაუდიტები. კლიმატმეგობრული ენერგეტიკის ბაზრობებში 500-ზე მეტი ადამიანი და 30 მცირე და საშუალო საწარმო მონაწილეობდა. სამ მუნიციპალიტეტში გამართული კონკურსის შედეგად კი ექვსი საწარმო SUD-ის ფინანსური მხარდაჭერით ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ღონისძიებებს ახორციელებს.
კონფერენციის მეორე ნაწილი, „ქალაქების მომავლის ფორმირება“, მდგრადი ურბანული განვითარების თანამედროვე მიდგომებს დაეთმო. ექსპერტებმა განიხილეს ინტეგრირებული სამეზობლო კონცეფციების შემუშავების მეთოდები და ახალი ევროპული ბაუჰაუსის (New European Bauhaus) პრინციპების - მდგრადობის, ინკლუზიურობისა და დიზაინის ხარისხის - გამოყენების შესაძლებლობები ურბანულ განვითარებაში.
კონფერენცია ურბანული ლაბორატორიების მიღწევების ამსახველი გამოფენით დასრულდა, სადაც წარმოდგენილი იყო სამეზობლო კონცეფციები, განხორციელებული ღონისძიებების შედეგების ვიზუალიზაციები, მონაწილეობითი დაგეგმვის მეთოდები, ტაქტიკური ურბანიზმის მაგალითები და მიღებული გამოცდილება.
წარმოდგენილმა შედეგებმა ცხადყო გერმანიის მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოში მონაწილეობითი, კლიმატზე ორიენტირებული და ინტეგრირებული ურბანული განვითარების ხელშეწყობაში.
სხვა სიახლეები
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, 1-ელი ნოემბრის 00:00-დან 2 ნოემბრის 00:00 საათამდე ჭოველიძის ქუჩის ასახვევში ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება
30.10.2026.11:25
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძის ქუჩისა და მელიქიშვილის გამზირის კვეთაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები იგეგმება, რის გამოც 1-ელი ნოემბრის 00:00-დან 2 ნოემბრის 00:00 საათამდე ჭოველიძის ქუჩის ასახვევში ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება.
მელიქიშვილის გამზირიდან მომავალი ავტომობილები ჭოველიძის ქუჩის შემოვლას შეძლებენ კოსტავას და ზანდუკელის ქუჩების გავლით. კოსტავას ქუჩიდან მომავალი ავტომობილები კი შემოვლას შეძლებენ ნიკოლაძის ქუჩაზე ასვლით, მელიქიშვილის გამზირის, ჯანაშიას და ბარნოვის ქუჩების საშუალებით.
შეზღუდვის პერიოდში, ჭოველიძის ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეეცვლება N378 ავტობუსის და მიკროავტობუსის N408, N420 მარშრუტებს. კერძოდ, N378 ავტობუსი სადგურის მოედნიდან რჩეულიშვილი-ჯაფარიძის ქუჩებისკენ გადაადგილებისას ვარაზისხევიდან მოძრაობას გააგრძელებს კეკელიძის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც ჯანაშვილის ქუჩით დაუკავშირდება ბარნოვის ქუჩას და იმოძრავებს ჭოველიძის ქუჩისკენ, შემდეგ სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს. მიკროავტობუსის N408 და N420 მარშრუტები ბარნოვის ქუჩიდან ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე ჩამოსვლის შემდეგ (მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორია), მოძრაობას აღარ გააგრძელებენ კოსტავას ქუჩისკენ. ხოლო უკუმიმართულებისას მიხეილ ზანდუკელის ქუჩით გადაადგილდებიან ბარნოვის ქუჩისკენ, შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!