დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ჩინეთის მედიასაშუალებებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ეროვნულ პარკებს სტუმრობენ.
მედიატური მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა პოტენციურ ვიზიტორთა დაინტერესებისა და საქართველოში მოზიდვის თვალსაზრისით. მედიატურის მონაწილეებს შორის არიან ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ტურებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ.
მედიატურის მონაწილეები გაეცნობიან დაცულ ტერიტორიებს და განიხილავენ სამომავლოდ საქართველოში ტურების დაგეგმვის შესაძლებლობებს. მედიის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული პარკების შესახებ ინფორმაციას, ფოტო-ვიდეო მასალასთან ერთად, ჩინეთის პოპულარულ სოციალურ პლატფორმებსა და სატელევიზიო სივრცეში განათავსებენ.
მედიატურის მიზანს ჩინურ ბაზარზე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა. ჩინელი მოგზაურების სტატისტიკა საქართველოში, კერძოდ, დაცულ ტერიტორიებზე, ყოველწლიურად მზარდია. წალკის კანიონზე განხორციელებულ ტურს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდი და თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი ესწრებოდნენ.
„ეს არის იმ კამპანიის ნაწილი, რომელსაც დაცული ტერიტორიების სააგენტო მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს დაცული ტერიტორიების უცხოურ ბაზარზე პოპულარიზაციისთვის ახორციელებს. წელს მივიღეთ მონაწილეობა ჰონგ-კონგის ტურისტულ გამოფენაში, სადაც შევხვდით არაერთ საერთაშორისო ტურისტულ და მედია კომპანიას. სწორედ აღნიშნულ კომპანიებთან თანამშრომლობით შედგა ჩინეთის მედიასაშუალებებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე“, - აღნიშნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილმა.
5 დღის განმავლობაში, მედიატურის მონაწილეები საქართველოს პოპულარულ და გამორჩეულ დაცულ ტერიტორიებს ყაზბეგის ეროვნულ პარკს, ოკაცეს კანიონს, პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს და მტირალას ეროვნულ პარკს მოინახულებენ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.