დავით აბესაძემ IOSCO-ს ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა დავით აბესაძემ ფასიანი ქაღალდების კომისიათა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) მიწვევით ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. პანელური დისკუსია კაპიტალის ბაზრის განვითარებაში მარეგულირებელი ორგანოს როლს და საზედამხედველო მიდგომებს მიეძღვნა.
დავით აბესაძემ ღონისძიების მონაწილეებს კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ღონისძიებები და მიმდინარე პროექტები გააცნო. მათ შორის, საუბარი შეეხო სებ-ის ინიციატივით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ განხორციელებულ „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამას“, რომლის საფუძველზეც გამარჯვებულ კომპანიებს 2022-2023 წლებში 454 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციების გამოშვების შესაძლებლობა მიეცათ. მან ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ფასიანი ქაღალდების ემისიის პროსპექტის განხილვისთვის ეროვნული ბანკის მიერ დანერგილი პრაქტიკისა და ჩარჩოს შესახებ.
„ჩვენი, როგორც მარეგულირებლების მთავარ ამოცანას ზედამხედველობა და ამ პროცესში ინვესტორთა ინტერესების დაცვა წარმოადგენს. პირველ რიგში, სწორედ ამ მანდატის შესრულებით და ინვესტორთა ნდობის გაზრდით შეგვაქვს წვლილი ბაზრის განვითარებაში. იმავდროულად, ზემოხსენებული ძირითადი ამოცანის შესრულების პარალელურად, ზედამხედველი შეიძლება ზრუნავდეს ბაზრის განვითარებაზეც, რისი წარმატებული მაგალითებიც, კონკრეტული პროექტებისა და ინიციატივები სახით გაგვაჩნია“, - აღნიშნა დავით აბესაძემ.
ღონისძიების ფარგლებში დავით აბესაძემ აუდიტორიას უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების (REIT) დანერგვის კუთხით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო.
„თუკი „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა“ ემიტენტების და შესაბამისად მიწოდების მხარის წახალისებით მიზნად ისახავდა ბაზრის აქტივობის ზრდას ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტების სეგმენტზე, REIT-ის შემთხვევაში ფოკუსს ვაკეთებთ მოთხოვნის მხარეზე. ეს კონკრეტული ინიციატივა საცალო ინვესტორებს უკვე წილობრივ ინსტრუმენტებში, ამ შემთხვევაში REIT-ში, დაზოგვის სტიმულს გაუჩენს. გარდა საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავებისა და ბაზრის მონაწილეებთან კომუნიკაციისა, აქტიურად ვთანამშრომლობთ შესაბამის უწყებებთან, რათა დაბეგვრის ასპექტებიც სათანადოდ იქნეს გათვალისწინებული. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ადგილობრივი საინვესტიციო ფონდების ბაზრის მოცულობა წელიწადში საშუალოდ 59%-ით იზრდებოდა. REIT-ის დანერგვა ფონდების ბაზრის განვითარებას დამატებით სტიმულს მისცემს“, - განაცხადა დავით აბესაძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.