დავით ჯელაძემ ჩამოწოლილი მეწყერის მეორე მხარეს გადასვლა, დისშვილთან ერთად, შეძლო არა “სანსეტ შოვის” მხრიდან, არამედ შედარებით ქვემოთ, იმ ადგილას, სადაც ტალახის სიმაღლე ამის თუნდაც მინიმალურ საშუალებას მისცემდა - მამუკა მდინარაძე
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით მედიაში და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციებს ეხმაურება.
როგორც მდინარაძე წერს, მფრინავებმა და მაშველებმა გააკეთეს შესაძლებლობის მაქსიმუმი, ჰქონდათ ყველა შესაბამისი და საჭირო აღჭურვილობა.
არ დასტურდება არც ერთი ფაქტი, რომ ვინმეს მათი შველა სჭირდებოდა და ტექნიკის უქონლობის, ან რაიმე ხარვეზის გამო ეს ვერ მოხერხდა.
„ტრაგედიით მოსარგებლეების წამოწყებული კამპანიის ახალი ტალღა, მანიპულაციის და დეზინფორმაციის ახალი ნაზავი. ბევრჯერ აიხსნა და ითქვა, რომ 3 აგვისტოს, იმ უსაშინელესი ტრაგედიის დღეს, დაღამებამდე, რამდენიმე საათი ჰქონდა სამაშველო სამსახურს, რომ სტიქიის ეპიცენტრი დაეთვალიერებინათ როგორც ვერტმფრენებით, ასევე დრონების მეშვეობით. შესაბამისად, გამორიცხულია არსებობდეს ადამიანი, რომელსაც, იმ დროისათვის, შველა სჭირდებოდა და ვერ უშველეს.
სტიქიის ზონა მთლიანად იქნა გადაფარული და სადაც კი სიცოცხლის ნიშანწყალი იყო, ყველა შემთხვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. გამოსარიცხად თეორიული შანსისაც კი, სითბური და ღამის ხედვის კამერებით აღჭურვილი დრონებით, ღამითაც გაგრძელდა მუშაობა როგორც სტიქიის ეპიცენტრზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე დაკვირვებით.
ვინმე რომ დამატებით დაფიქსირებულიყო, მფრინავები მზად იყვნენ რისკზეც წასულიყვნენ, თუმცა ასეთი არ მომხდარა. მფრინავებმა და მაშველებმა გააკეთეს შესაძლებლობის მაქსიმუმი, ჰქონდათ ყველა შესაბამისი და საჭირო აღჭურვილობა. არ დასტურდება არც ერთი ფაქტი, რომ ვინმეს მათი შველა სჭირდებოდა და ტექნიკის უქონლობის, ან რაიმე ხარვეზის გამო ეს ვერ მოხერხდა. რა თქმა უნდა, უდიდესი სტრესი გადაიტანეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც მაშველების და ვერტმფრენების მისვლამდე მოუწიათ ჯერ სტიქიასთან ბრძოლა, შემდეგ დალოდება.
თან არ იცოდნენ, განმეორდებოდა თუ არა მასის ჩამოწოლა და როგორც ჰყვებიან, იყო წარმოუდგენელი პანიკა. რაც შეეხება დავით ჯელაძეს, რომელმაც ბევრი იბრძოლა თავისი ოჯახის წევრების, თავისი დისშვილის გადარჩენისათვის, ის თავადვე ჰყვება, რომ მაშველებმა და მფრინავებმა ის და მისი ოჯახის წევრები იმ ადგილიდან გამოიყვანეს, სადაც ისინი იმყოფებოდნენ მაშინ, როდესაც სტიქიას სასწაულებრივად გადაურჩნენ, ხოლო მისი დისშვილი მაშო მანამდე, მძიმე რისკის და არაადამიანური ძალის მოკრების ფასად, გადაიყვანა მეორე მხარეს, ვიდრე მაშველები გამოჩნდებოდნენ. სოცქსელებში ამისი დამადასტურებელი ვიდეოც იძებნება.
ჟურნალისტმა დღეს ირაკლი კობახიძეს (ტელეფონში) აჩვენა ფოტო და დაუსვა კითხვა მასთან დაკავშირებით. მიუთითა ჯელაძისა და მისი დისშვილის გადაადგილების სავარაუდო ტრაექტორია, სადაც ჩამოწოლილი მეწყრის, ტალახის სიმაღლე ზოგ ადგილას 3-4 მეტრსაც კი აღწევდა. შესაბამისი იყო რესპონდენტის რეაქციაც, თუმცა ირაკლი კობახიძემ იქვე თქვა, რომ ეს გადასამოწმებელი, დასაზუსტებელია და ვერაფერს იტყოდა ამ ფოტოსთან, შესაბამისად მითითებულ ტრაექტორიასთან დაკავშირებით.
უმარტივესი ლოგიკაა, ვივარაუდოთ და ამბის გადამოწმებითაც ეს დასტურდება, რომ დავით ჯელაძემ ჩამოწოლილი მეწყრის მეორე მხარეს გადასვლა, დისშვილთან ერთად, შეძლო არა „სანსეტ შოვის“ მხრიდან, არამედ შედარებით ქვემოთ, იმ ადგილას, სადაც ტალახის სიმაღლე ამის თუნდაც მინიმალურ საშუალებას მისცემდა, რაც ასევე ურთულესი და წარმოუდგენელი ამბავი შეიძლება იყოს, თუმცა ფაქტია და თავად ჰყვება, რომ მან ეს მოახერხა და უკანაც დაბრუნდა. ვინც შოვი იცის, საუბარია ე. წ. „ვარდისფერი სახლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს, ბუნებრივია, შეუძლებელი იქნებოდა ოდნავ ზემოთაც კი, ანუ იმ ადგილებში, სადაც ტალახის სიმაღლე ადამიანის სიმაღლესაც კი ჭარბობდა. ასევე არ არის გამორიცხული, რომ მათ მოუწიათ იმ ადგილის გადავლა, სადაც ქვედა მხარეს პირველ ტალღად წამოსული შედარებით მყარი მასა იყო, რის გამოც, ღვთის წყალობით, ისინი ბოლომდე არ ჩაეფლნენ ტალახში და გადარჩნენ.
ძალიან სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ვინც უშუალოდ ასეთ ადგილას იმყოფებოდა სტიქიის დროს და არა განაპირა ადგილებში, რამდენიმემეტრიანი, ძალიან სწრაფად და რამდენიმე ტალღად, წამების ინტერვალში, წამოსული მეწყრისგან თავის დაღწევა მათ ვერ შეძლეს.
მოკლედ, ზოგიერთების მავნებლობის გამო, ისეთ დეტალებზე საუბარიც გვიწევს, რომელზეც პირველ დღეებში უბრალოდ ვერავინ ილაპარაკებდა. სტიქიის შედეგებთან ერთად ტრაგედიით მოსარგებლეების მიერ გავრცელებულ სიცრუეს თუ მანიპულაციებსაც ვებრძვით. მანიპულაციებს, რომლებმაც, ცალკეულ შემთხვევებში, სტიქიისგან დაზარალებული ადამიანების ნაწილზეც იმოქმედა. ასეთ დროს ხდება ხოლმე გაერთიანება, ტრაგედიის შედეგების აღმოფხვრაზე კონცენტრირება, თუმცა ჩანს, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მცირე პოლიტიკური დივიდენდებისთვის უკადრებელი იკადრონ. მათ შევახსენებ, როგორც წესი, განსაკუთრებით გამორჩეული ერთეულების გარდა, პოლიტიკოსები ხალხს მალე ვავიწყდებით, ხოლო გმირობის და სიკეთის სამაგალითო ისტორიები საუკუნეებს უძლებს“, - წერს მდინარაძე.
რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის დროს გარდაცვლილთა რიცხვი 25-ს შეადგენს, ნაპოვნია სხეულის 5 ფრაგმენტი. ამ ეტაპზე შოვში დაკარგულ 8 ადამიანს ეძებენ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.