დავით ნარმანია კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენციაში.
სემეკის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის განვითარების ხელშეწყობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე. მან დეტალურად ისაუბრა სემეკის მიერ რეგულირებად სექტორებში არსებულ სიახლეებსა და სატარიფო პოლიტიკაზე.
“ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის განვითარება და მომხმარებლის დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხს სემეკის საქმიანობაში. კომისია სისტემატურად მუშაობს კანონმდებლობის განახლებაზე, რათა კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს და ეფექტიანი გახდეს რეგულირების მექანიზმები. კონფერენციის ფარგლებში მარეგულირებელმა უწყებებმა წარმოვადგინეთ რეგულირებად სექტორებში არსებული გამოწვევები და მათ გადაჭრის გზები. კონფერენცია იძლევა საშუალებას, რომ მოხდეს გამოცდილების გაზიარება და საზოგადოების სწორი ინფორმირება”, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
2025 წლის 13-15 ნოემბერს, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, საქართველოში IV საერთაშორისო კონფერენცია იმართება. ღონისძიების ფარგლებში განიხილება - კონკურენციის პოლიტიკის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობები. სამ-დღიანი ღონისძიება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.
საერთაშორისო კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება. ამ მიმათყლებით არსებული გამოწვევებისა და მიღწევების შესახევ მსჯელობა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე.
საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის, დარგის ექსპერტების და კოლეგა უწყებების წარმომადგენელთა კონფერენციაში ჩართულობა კიდევ უფრო ზრდის სინერგიას მონაწილეთა შორის. სამართლიანი კონკურენციის პრინციპებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.