დავით ნარმანია სლოვაკეთის მარეგულირებელი უწყებისა და ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია სლოვაკეთის რესპუბლიკის ქსელური კომპანიების მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელსა და ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა. პოვაჟსკა-ბისტრიცაში გამართულ შეხვედრაში სემეკის თავმჯდომარესთან ერთად მონაწილეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი, ჯუბო ტურაშვილი.
ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ქვეყნების ენერგეტიკული პოლიტიკა და მწვანე ენერგიების განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები, ისაუბრეს ენერგეტიკული ბირჟის ფორმირების საკითხებზე. დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა განახლებადი ენერგიების განვითარების კუთხით სემეკის მიერ დანერგილ რეგულაციაზე, ისაუბრა სატარიფო პოლიტიკის ძირითად ასპექტებსა და მარეგულირებელი კომისიის როლზე ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში.
მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, გამოცდილების გაზიარების მიზნით, უახლოს ხანებში საქართველოს ეწვევიან სლოვაკეთის ეკონომიკის სამინისტროსა და მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელი პირები. ასევე, დაიგეგმა, რომ ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის (ERRA) წლიურ კონფერენციაზე, რომელიც ქ.ბრატისლავაში მომდევნო წელს გაიმართება, დავით ნარმანია სემეკის გამოცდილებისა და რეგულირების ეფექტიანობის შესახებ მოხსენებით წარდგება.
სხვა სიახლეები
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 133-ე შეხვედრა ჩატარდა
23.07.2026.18:10
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 133-ე შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კვლავ მკაცრად დააყენეს საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის/წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემისა და სამართლის აღსრულების საკითხი.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია.
განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვას და ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე არსებულ რეჟიმს.
ამასთან, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მზარდი ტენდენცია.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაცრად მოითხოვეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის თარიღად 2026 წლის 8 სექტემბერი განისაზღვრა.