დავით ნარმანიამ მოდერატორობა გაუწია თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის პანელურ სესიას ენერგეტიკის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. მან მოდერატორობა გაუწია პანელურ სესიას, სახელწოდებით „დიდი ჰესების როლი ენერგოდამოუკიდებლობაში, ენერგო სექტორის მსოფლიო ტენდენციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება“.
სემეკის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ენერგეტიკულ პოლიტიკაზე, ჰესების მშენებლობის საჭიროებაზე, სემეკის როლსა და რეგულაციებზე განახლებადი ენერგიების განვითარების მიმართულებით. დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს სახელმწიფო პოლიტიკა ენერგოდამოუკიდებლობასთან მიმართებაში, საქართველოს პოტენციალი განახლებადი ენერგიების განვითარების კუთხით, არსებული საკანონმდებლო ჩარჩო, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული მექანიზმები. იმსჯელეს არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორმა მარგალიტა არაბიძემ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ, UNESCAP-ის ენერგეტიკის განყოფილების დირექტორმა ჰონგპენგ ლიუმ, Celtic Sea Power-ის ყოფილმა თავმჯდომარემ, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების კომოდორმა სტუვ ჯერმა, „Photomate Caucasus“-ის რეგიონულმა დირექტორმა დავით ტყეშელაშვილმა, კომპანია „შაინ ენერჯის“ დამფუძნებელმა ნინო გადელიამ.
თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმში, რომელიც ქ. თბილისში 3-6 ივნისს იმართება, მონაწილეობას იღებენ საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, მაღალი დონის ქართველი და უცხოელი მომხსენებლები, ასევე ბიზნეს სექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მონაწილეები მსჯელობენ მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური ზრდის, ენერგოუსაფრთხოების, განახლებადი ენერგიის მოხმარებისა და განვითარების, მდგრადი ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, სატრანსპორტო რეფორმისა და სხვადასხვა საკითხის შესახებ.
სხვა სიახლეები
აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა
14.07.2026.17:32
ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი სატრენინგო პროგრამის შედეგები, მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სატრენინგო პროგრამისას, რომელიც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა, 90-ზე მეტმა მზარეულმა გაიარა თეორიულ-პრაქტიკული სწავლებები. ტრენინგებისას მონაწილეებმა შეისწავლეს ხორცეულის, თევზეულის, ფრინველის ხორცის დამუშავების ტექნოლოგიები და კერძების მომზადება. ასევე, ბოსტნეულის, მხალეულის კერძებისა და ცომეულის გაკეთება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ტრენინგების მიზანი მთიან აჭარაში კვებითი მომსახურების ხარისხის ამაღლება, სხვადასხვა პროდუქტის უკეთ დამუშავებისა და კერძების მომზადების ტექნოლოგიების გაუმჯობესება იყო. სატრენინგო პროგრამაში აჭარის მუნიციპალიტეტებში მდებარე განთავსებისა და კვების ობიექტების მზარეულები იყვნენ ჩართულები. შემაჯამებელ ღონისძიებაზე მათ სერტიფიკატები გადაეცათ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მთიან აჭარაში გასტრონომიული შესაძლებლობების განვითარება, რათა იქ ასულ მოგზაურებს დახვდეს სტანდარტების მიხედვით მომზადებული ავთენტური, ადგილობრივი კერძები. სატრენინგო პროგრამაში ძალიან კარგი ტრენერები იყვნენ ჩართულები, რომლებმაც თავიანთი ცოდნა და გამოცდილება არ დაიშურეს ჩვენი მზარეულებისთვის. სასიხარულოა, რომ ინტერესი ახალი ცოდნის მიღების მიმართულებით იყო მაღალი ჩვენს მონაწილეებში, რაც ვიმედოვნებთ მათ მიერ მომზადებულ კერძებზეც აისახება,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.