დავით ნარმანიამ პარლამენტში სემეკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სემეკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
დავით ნარმანიამ კომიტეტის წევრებს გააცნო ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების 2025 წლის ძირითადი ასპექტები, რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტები და სემეკის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებები. კომიტეტების მიერ სემეკის ანგარიში დადებითად შეფასდა.
”2025 წელი მნიშვნელოვანი სიახლეებითა და განვითარების ახალი შესაძლებლობებით გამოირჩეოდა. გასულ წელს სემეკმა შეიმუშავა სამწლიანი სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, გამჭვირვალე და ხარჯებზე დაფუძნებული სატარიფო რეგულირების უზრუნველყოფასა და კონკურენტული ბაზრების ეფექტიან ფუნქციონირებას. გარდა ამისა, კომისიამ პირველად დაადგინა მელიორაციის მომსახურების ტარიფი, განახორციელა რეგულირებული საწარმოების დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი და შეამოწმა განხორციელებული ინვესტიციები. ამასთანავე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, აქტიურად რეაგირებდა მათ პრეტენზიებზე და იუსტიციის სახლთან თანამშრომლობით ხელს უწყობდა კომუნალურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ახალგაზრდებში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. აღნიშნული ინიციატივები ხელს უწყობს დარგების მიმართ ინტერესის ზრდასა და მომავალი პროფესიონალების მომზადებას, რაც სექტორების მდგრადი განვითარებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
სემეკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში ვრცლად მოცემულია ბმულზე: https://gnerc.org/ge/our-commission/commission-reports/tsliuri-angarishebi
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღვაწლმოსილი მკვლევრის, პედაგოგისა და გამომგონებლის, პროფესორ გურამ გაფრინდაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
20.10.2026.21:09
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მკვლევარ-ქიმიკოსისა და ღვაწლმოსილი პედაგოგის, საქართველოს დამსახურებული გამომგონებლის, პროფესორის გურამ გაფრინდაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
რექტორის სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და მისმა აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტმა, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტმა დაკარგა დიდი ღვაწლის მქონე მკვლევარი და გამომგონებელი, გამორჩეული პედაგოგი და განსაკუთრებული ადამიანური ღირსებებით გამორჩეული კოლეგა, რომელმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქიმიური ტექნოლოგიების, კერძოდ კი სილიკატების მიმართულების განვითარებაში. პროფესორი გურამ გაფრინდაშვილი იყო ნოვატორი, რასაც მოწმობს მის მიერ გამოქვეყნებული 214 სამეცნიერო ნაშრომი, 3 მონოგრაფია, 2 სახელმძღვანელო და არაერთი აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე. მისი მრავალწლიანი, ნაყოფიერი სამეცნიერო ცხოვრება აღინიშნა საქართველოს დამსახურებული გამომგონებლის საპატიო წოდებითა და ოქროს მედლით, რაც მისი გამორჩეული ნიჭისა და დაუღალავი შრომის ლოგიკური აღიარება იყო.
პროფესორმა გურამ გაფრინდაშვილმა მნიშვნელოვანი სამეცნიერო მემკვიდრეობა დაგვიტოვა - მის სახელს უკავშირდება 5 პატენტი და 100-მდე საავტორო მოწმობა გამოგონებაზე. მან პირველად საქართველოში, ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე, შექმნა მტკიცე სტრუქტურის პიგმენტები და ფლიუსები ტიხრული და ფერწერული მინანქრისთვის, კერამიკული ჭურჭლის დასამზადებელი მასალა „ვიტრეს-ჩაინა“, რომელიც დღესაც გადის ექსპორტზე ამერიკაში, შეიმუშავა უმაღლესი ხარისხის ძვლის ფაიფური, ფიუზინგი და მაღალვოლტიანი ფაიფურის ელექტროიზოლატორები. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი გამოგონება სამედიცინო დანიშნულებით - კორუნდის კერამიკა ხელოვნური სახსრების იმპლანტაციისთვის, რაც ბიოლოგიურად სრულად თავსებადია ადამიანის ორგანიზმთან.
დარწმუნებული ვარ, ბატონი გურამ გაფრინდაშვილის სახელი და სამეცნიერო მიღწევები ღირსეულ ადგილს დაიკავებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქართული მეცნიერების ისტორიაში“, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.