დავით ნარმანიამ საერთაშორისო კონფერენციაზე ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკის ეკონომიკის საერთაშორისო ასოციაციის (IAEE) 45-ე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით წარდგა. სემეკის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სადაც წარადგინა პრეზენტაცია თემაზე - „გეოპოლიტიკური რისკები და ენერგეტიკული უსაფრთხოება - საქართველოს პერსპექტივა“.
„არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ენერგეტიკული უსაფრთხოება. აღნიშნული მოიცავს ენერგომომარაგების უწყვეტობასა და ხარისხს ხელმისაწვდომ ფასად, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც მოთხოვნის ზრდის პირობებში გულისხმობს ახალი წყაროების, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ოპტიმალური ფასების უზრუნველყოფას, სისტემის დივერსიფიცირებას. ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის განხორციელებისას, საქართველოს მთავრობა სემეკთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით იღებს ზომებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის უსაფრთხო და საიმედო მიწოდება, ელექტროენერგეტიკული საქმიანობის გამჭვირვალე და სტაბილური მარეგულირებელი ჩარჩო ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეთა მკაფიოდ განსაზღვრული ფუნქციებითა და პასუხისმგებლობები.
პირველ ივლისს, ფაქტობრივად, რამდენიმე დღეში, საქართველოში ელექტროენერგიის ახალი ბაზარი ამოქმედდება. ენერგეტიკული ბირჟის გახსნა წარმოადგენს მიმდინარე რეფორმის ფუნდამენტურ პროცესს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს ენერგოსტაბილურობა, ენერგოუსაფრთხოება და ბაზრის ლიბერალიზაციის რეფორმა სწორად ამ პრინციპებს ეფუძნება“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
ენერგეტიკის ეკონომიკის საერთაშორისო ასოციაციის (IAEE) 45-ე საერთაშორისო კონფერენცია თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. სტამბოლში, 25 – 28 ივნისს, ბოსფორის უნივერსიტეტის ორგანიზებით მიმდინარეობს. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ენერგეტიკული და ეკონომიკური ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.