დავით სონღულაშვილი გურჯაანში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ატმის მოსავლის აღების სეზონი დასასრულს უახლოვდება. ფერმერებისა და სამაცივრე მეურნეობების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მოსავლის დაბინავების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„ატმის მოსავლის კრეფა უკვე დასასრულს უახლოვდება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, პროცესი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა. რამდენიმე დღე შეფერხება იყო ექსპორტის მიმართულებით, თუმცა კოორდინირებული მუშაობით ყველა გამოწვევა გადაიჭრა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არცერთ ფერმერს არ დარჩება მოსავალი დაუბინავებელი. ეს ეხება არა მხოლოდ ატამს, არამედ სხვა კულტურებსაც. სამინისტროს მნიშვნელოვანი ამოცანაა, მაქსიმალურად დავუდგეთ ფერმერს გვერდით, რათა მოსავალი დაბინავების გარეშე არ დარჩეს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრი სოფელ ჩუმლაყში ადგილობრივი ფერმერის, ვალერი ტურაშვილის მეურნეობის მუშაობას გაეცნო. ტურაშვილების ოჯახი მეხილეობით წლებია არის დაკავებული და დღეს დაახლოებით 40 ჰექტარზე ატმის, ვაშლატამას და სხვა ხეხილის ბაღებს ამუშავებს. მოსავლის შენახვისა და რეალიზაციის მიზნით, ოჯახმა 2018 წელს სახელმწიფო პროგრამის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ მხარდაჭერით სამაცივრე მეურნეობა მოაწყო. ფერმერის თქმით, მიმდინარე სეზონზე ატმის მოსავლის დაახლოებით 95% უკვე დაბინავებულია.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ ატმის მოსავლის დაბინავების პროცესში სამაცივრე მეურნეობების როლსა და სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ატმის მოსავლის დაბინავება დასასრულს უახლოვდება. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სამაცივრე მეურნეობების ეფექტიანმა მუშაობამ, რომელთა ნახევარზე მეტი სახელმწიფო პროგრამებით არის დაფინანსებული. სწორედ ეს შესაძლებლობები დაეხმარა ფერმერებს მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებასა და რეალიზებაში. სოფლის მეურნეობის პროგრამების განხორციელება აქტიურად გრძელდება და მომავალშიც კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული შედეგზე და დარგში მოღვაწე ფერმერების საჭიროებებზე“, - განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.
2026 წლის 1 მაისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტირებულია 20.5 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა, 25.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით. აღნიშნულ პერიოდში 1 კგ ატმისა და ვაშლატამას საშუალო საექსპორტო ფასი 1.24 აშშ დოლარია, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს უტოლდება.
სხვა სიახლეები
GCCA-მა „გორგიას“ უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა
27.08.2026.11:09
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „გორგიას“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა, კერძოდ, უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაადასტურა.
საქმის შესწავლის შედეგად, ცალსახად გამოიკვეთა მოვაჭრის მხრიდან შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი, რაც მომხმარებლებისთვის მათი კანონიერი უფლებების, განსაკუთრებით კი კანონისმიერი გარანტიით სარგებლობის თაობაზე მცდარი და ორაზროვანი წარმოდგენის შექმნაში გამოიხატებოდა.
კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული პოლიტიკა კანონთან შესაბამისობაში იყო და ორწლიან სავალდებულო გარანტიას ითვალისწინებდა, ინდივიდუალური კომუნიკაციისას და საგარანტიო ტალონებში საქონელზე მხოლოდ ერთწლიანი გარანტია იყო მითითებული, რომელიც, რიგ შემთხვევებში, კონკრეტული დეტალით, მაგალითად, მხოლოდ ძრავით, იზღუდებოდა. ასევე, ქარხნული წუნის შემთხვევაში საქონლის შეცვლის უფლება 14 კალენდარული დღით იყო შეზღუდული, რაც კანონმდებლობის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.
სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული პრაქტიკა ატარებს ილუზორულ ხასიათს, რაც მომხმარებლებს უქმნის მცდარ წარმოდგენას მათი უფლებების დაცვის ვადის შესახებ.
მოვაჭრის ქმედება, რომელიც მომხმარებელს უქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს კანონისმიერი დაცვის ვადა მხოლოდ ერთი წელია, შესაძლოა, მას ისეთი ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებდეს, რომელსაც აღნიშნული ინფორმაციის გარეშე არ მიიღებდა.
შესაბამისად, GCCA-ის გადაწყვეტილებით, დადასტურდა შპს „გორგიას“ მხრიდან კანონით დადგენილი ინფორმაციის მკაფიოდ, გასაგებად, უტყუარად და სრულად მიწოდების ვალდებულების დარღვევისა და უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი.
კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „გორგიას“ დაევალა, ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს მომხმარებლების სათანადო ინფორმირება კანონისმიერი გარანტიის შესახებ, შეწყვიტოს შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა და სავაჭრო პოლიტიკა კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანოს.
კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის არაუმეტეს 2%-ის ოდენობით. 12 თვის განმავლობაში განმეორებითი დარღვევა დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს.