დავით სონღულაშვილი ხილის ექსპორტიორებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ხილის ექსპორტიორებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს საექსპორტო მიმართულებით არსებული საჭიროებების, გამოწვევების და მათი გადაჭრის გზების განხილვა წარმოადგენდა.
დავით სონღულაშვილის განცხადებით, ექსპორტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა.
„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას და ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას საერთაშორისო ბაზრებზე. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ვხვდებით ბიზნესის წარმომადგენლებს, რათა მათთან ერთად ვიმუშაოთ უფრო ეფექტიანი გზების მოძიებაზე”,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, აქტიური კომუნიკაცია გაგრძელდება. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ექსპორტიორებთან ერთად, სამინისტროს და სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ჩაერთვებიან.
სამუშაო ჯგუფის ფორმატში მოხდება იდენტიფიცირებული საკითხების დეტალური განხილვა და მათი გადაჭრის შესაბამისი გზების განსაზღვრა.
შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე, ლაშა ავალიანი, ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ვახტანგ ბეჟიტაშვილი, სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები და სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
02.10.2026.11:48
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
ეს არის სრული სიცრუე და დავითაძეების ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება.
აქვე აღვნიშნავთ, რომ, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მზად ვართ, კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, გავასაჯაროოთ შესაბამისი ვიდეოჩანაწერები, რათა საზოგადოებას თავად მიეცეს შესაძლებლობა, იხილოს დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებულ დავითაძის მოთავსების და იქ ყოფნის პერიოდის ამსახველი კადრები.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ უწყების თითოეული თანამშრომლის მხრიდან ნებისმიერი სახის ძალადობა ან ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობა დაუშვებელია და მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში მას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება, თუმცა, როგორც დავითაძის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული, აღნიშნული ვიდეომასალა დათვალიერებულია როგორც გამოძიების, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ და დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა. არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას დავითაძის მიმართ არ ჰქონია ადგილი.