დავით სონღულაშვილი ქუთაისში, მცენარეული ნედლეულის გადამმუშავებელ საწარმოში „ფარკონი“ იმყოფებოდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქ. ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც კომპანია „ფარკონში“ მიმდინარე საწარმოო პროცესს გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
შპს „ფარკონი“ მცენარეული ნედლეულის შრობის, გადამუშავებისა და დაფასოების მიმართულებით საქმიანობს. საწარმოს წლიური წარმადობა 5 მილიონ ერთეულ შეფუთულ პროდუქციას შეადგენს. წარმოებული პროდუქცია იყიდება ადგილობრივ ბაზარზე, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ქსელურ მარკეტებში. ასევე ხორციელდება ექსპორტი ამერიკაში, ისრაელსა და ევროკავშირის ქვეყნებში.
კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. 2022 წელს კომპანიამ „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამაში“ მიიღო მონაწილეობა. საქმიანობის განვითარების ეტაპზე არაერთხელ ისარგებლა პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“.
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა საქართველოს ოთხ რეგიონში - იმერეთში, კახეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, 2022 წლიდან მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ახალი საწარმოების შექმნა, არსებული საწარმოების გაფართოება ან გადაიარაღება. პროგრამა გულისხმობს როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი საშუალებების დაფინანსებას. აღნიშნული პროგრამით საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 20 მლნ ლარით დაფინანსებულია 50-მდე ბენეფიციარი, მათ შორის იმერეთის რეგიონში 8,7 მლნ ლარით 23 ბენეფიციარი.
მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილეები ლაშა ავალიანი და გიორგი წკრიალაშვილი, ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
სხვა სიახლეები
ნათია თურნავა „BIS Innovation Hub" -ის ხელმძღვანელს შეხვდა
24.06.2026.16:45
შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მიმდინარე Point Zero Forum 2026-ის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა „საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის" (BIS) - ის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელს ტომასო მანჩინი-გრიფოლის შეხვდა.
მხარეებმა ფინანსური ტექნოლოგიების, ციფრული ფინანსებისა და საგადამხდელო სისტემების სფეროში მიმდინარე ტენდენციებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო BIS Innovation Hub-ის პროექტებსა და ინიციატივებს, რომლებიც ფინანსური სექტორის ეფექტიანობის ზრდასა და ინოვაციების დანერგვას უწყობს ხელს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ეროვნული ბანკისა და BIS Innovation Hub-ის თანამშრომლობას. აღინიშნა ეროვნული ბანკის მონაწილეობა BIS Innovation Hub-ის არაერთ ინიციატივაში, მათ შორის Project Aperta-სა და Project Noor-ში. მხარეებმა ასევე განიხილეს პარტნიორობის გაფართოების, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის პერსპექტივები.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული რეფორმები. მათ შორის, ციფრული ბანკების, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების(VASP) და სტაბილქოინების მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარება. ამ კონტექსტში მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ციფრული ფინანსური სერვისების, ტოკენიზაციისა და ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების (CBDC) მიმართულებით არსებულ საერთაშორისო პრაქტიკაზე.
საუბარი ასევე შეეხო საზღვარგარეთ გადახდების ეფექტიანობის გაუმჯობესების შესაძლებლობებსა და აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას.