დავით სონღულაშვილი რამსარის კონვენციის გენერალურ მდივანს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ კონვენციის (რამსარის კონვენცია) გენერალურ მდივან მუსონდა მუმბას შეხვდა.
შეხვედრა ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (CBD COP17) ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა რამსარის კონვენციის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება კოლხეთის ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვასა და მართვას, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასა და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებს დაეთმო.
„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვა და აღდგენა, მათი ეკოლოგიური მნიშვნელობის შენარჩუნება და საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტიანი შესრულება. საქართველო აქტიურად მუშაობს, რომ რამსარის კონვენციასთან თანამშრომლობა და საერთაშორისო რეკომენდაციები კონკრეტულ ეროვნულ ღონისძიებებში ავსახოთ და ვუზრუნველვყოთ ჩვენი უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემების გრძელვადიანი დაცვა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მხარეებმა იმსჯელეს ჭარბტენიანი ტერიტორიების ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების, მონიტორინგისა და აღდგენის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ყურადღება გამახვილდა ამ პროცესში საერთაშორისო გამოცდილებისა და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინების მნიშვნელობაზე.
შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი და ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლიანა გიორგაძე ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საბაზისო-თემატური გეგმის შემუშავებაზე მუშაობა იწყება
28.10.2026.12:34
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ინიციატივით, სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის საბაზისო-თემატური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც პროექტის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები გაეცნენ საპროექტო კომპანიის მიერ მომზადებულ პრეზენტაციასა და სამუშაო გეგმას. ასევე, იმსჯელეს პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე.
შეხვედრას სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი ზურაბ წიკლაური, მისი მოადგილე სოფიკო მაისურაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი თუშიშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი და საპროექტო კომპანია „ურბანიკას” დირექტორი ირაკლი მურღულია ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტერიტორიის არსებული მდგომარეობის გაცნობისა და შემდგომი სამუშაოების ეფექტიანად განხორციელების მიზნით საპროექტო არეალიც დაათვალიერეს.