დავით სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად თურქეთში, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაში მონაწილეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციაში (COP31) იღებს მონაწილეობას. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ანტალიის ლიდერთა სამიტის ოფიციალურ გახსნით სესიას დაესწრო.
სესიაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზე.
„დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა კლიმატის ცვლილებაა. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსგავსი ტიპის ღონისძიებები. მისი მასშტაბურობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად დიდი გამოწვევაა ეს საკითხი და რამდენად მაღალია მის მიმართ მსოფლიოს ინტერესი. ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია 2035 წლისთვის აღებული ვალდებულება სათბურის აირების ემისიების 50%-ით შემცირების შესახებ. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია იმ პროცესისა, რომელიც საბოლოო ჯამში, მასშტაბურ რეფორმებს ითვალისწინებს და ამ მიმართულებით საქართველო საკმაოდ წინ არის წასული. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლისას სწორედ იმ მიღწევებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესახებ ისაუბრებს, რომელიც კლიმატის ცვლილების მიმართულებით, საქართველოს აქვს აღებული“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
COP31 9-20 ნოემბერს, ქალაქ ანტალიაში იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მთავრობის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კლიმატის საკითხებზე მომუშავე დაინტერესებულ მხარეებს აერთიანებს. კონფერენციის მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალური ძალისხმევის გაძლიერება, პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.
კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კლიმატის ცვლილების შერბილებას, ადაპტაციას, კლიმატის დაფინანსებას, სუფთა ენერგიაზე გადასვლას, სურსათის უსაფრთხოებასა და ზღვისა და ოკეანის ეკოსისტემების მდგრადობას.
საქართველოსთვის COP31-ში მონაწილეობა მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების მიმართულებით ქვეყნის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებისა და მიღწეული პროგრესის წარმოსაჩენად, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
საქართველომ 2026 წლის 25 მარტს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC 3.0) მესამე ციკლის დოკუმენტი დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად, ქვეყანა იღებს ვალდებულებას, 2030 წლისთვის სათბურის აირების წმინდა ემისიები 1990 წლის დონესთან შედარებით 47%-ით, ხოლო 2035 წლისთვის 50%-ით შეამციროს.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს კლიმატმედეგი განვითარების ხელშეწყობასა და სხვადასხვა სექტორში ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერებას.
ქართული მხარის პრიორიტეტებს შორისაა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის დაფინანსების ხელმისაწვდომობა, კლიმატური ტექნოლოგიების განვითარება, სოფლის მეურნეობის, მათ შორის მევენახეობის, კლიმატური მდგრადობის გაძლიერება და კლიმატური პროექტების განსახორციელებლად საერთაშორისო ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის მოზიდვა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.