დავით სონღულაშვილმა „რუსთავის აზოტში“ მოდერნიზებული რეაქტორის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სს „რუსთავის აზოტში“ აზოტმჟავას საამქროში კატალიზური გაწმენდის რეაქტორის მოდერნიზაციის პროექტით დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებს ადგილზე გაეცნო.
მოდერნიზებული რეაქტორის გახსნის ცერემონიას ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე დაესწრო.
პროექტის ფარგლებში რეაქტორში ახალი თაობის კატალიზატორი ჩაიტვირთა, სრულად შეიცვალა მისი შიგთავსი და დამონტაჟდა ემისიების უწყვეტი მონიტორინგის სისტემა, რომელიც დამაბინძურებელი ნივთიერებების გაფრქვევის მუდმივ კონტროლს უზრუნველყოფს. განხორციელებული მოდერნიზაცია ხელს შეუწყობს საწარმოში თანამედროვე გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დანერგვას, სათბურის აირების ემისიების შემცირებასა და სამრეწველო პროცესების გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესებას.
„თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა იძლევა შესაძლებლობას, რომ შემცირდეს საწარმოო პროცესების უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე და ამავდროულად უზრუნველყოფილ იქნას ეკონომიკური საქმიანობის მდგრადობა. „რუსთავის აზოტში“ განხორციელებული პროექტი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების, კერძო სექტორის ინვესტიციების, საერთაშორისო პარტნიორების და სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად კონკრეტული გარემოსდაცვითი შედეგების მიღწევა“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
პროექტი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 5.26 მილიონი ევრო შეადგინა, საიდანაც 2.26 მილიონი ევრო GIZ-ის დაფინანსებაა, ხოლო 3 მილიონი ევრო - „რუსთავის აზოტის“ ინვესტიცია.
ღონისძიებას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი, საქართველოს პარლამენტის რუსთავისა და გარდაბნის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაპროექტებისა და მშენებლობის პროცესის ზედამხედველობისთვის, შესაბამისი საკონსულტაციო კომპანიის შესარჩევად, ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა
19.10.2026.17:43
საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაპროექტებისა და მშენებლობის პროცესის ზედამხედველობისთვის, შესაბამისი საკონსულტაციო კომპანიის შესარჩევად, ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.
საქართველოს რკინიგზა ანაკლიაში დაახლოებით 17.74 კმ სიგრძის სარკინიგზო ხაზის, ახალი სადგურის, სარკინიგზო კვანძისა და სხვა დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობას გეგმავს.
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაპროექტებისა და მშენებლობის ზედამხედველობაში დაინტერესებულ საკონსულტაციო კომპანიებს განაცხადის წარდგენა 2026 წლის 17 ნოემბრის 17:00 საათამდე შეუძლიათ.
ინტერესთა გამოხატვის პროცესი მსოფლიო ბანკის წესების მიხედვით ხორციელდება.
ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.