დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების ახალი ნაკადი შემოვიდა
ევროპის მოედანზე MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართა. ავტობუსების ახალი ნაკადი საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ, „თეგეტა ჰოლდინგის“ და კომპანია MAN Truck & Bus-ის წარმომადგენლებთან ერთად წარუდგინა.
კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ავტობუსების პარკის სრული განახლება და ახალი ავტობუსების შემოყვანაა.
„მინდა, წარმოგიდგინოთ 25 ერთეული ახალი ავტობუსი. საერთო ჯამში, უკვე 100 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იქნება თბილისში. ეს ავტობუსები აღიჭურვება უსაფრთხოების სისტემით და ეტაპობრივად გავა სხვადასხვა ხაზზე და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელება. თქვენ იცით, რომ ბევრი კომპონენტისგან შედგება სატრანსპორტო პოლიტიკა და ერთ-ერთი უმთავრესი იყო ავტობუსების პარკის განახლება. მთავარი მიზანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი, ყველაზე სწრაფი, რომ ავტობუსით და მიკროავტობუსით გადაადგილება დედაქალაქში იყოს უპრობლემო. ამის პარალელურად ეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ გაჩნდეს საავტობუსო საავტობუსო ზოლები დედაქალაქში და ჩვენ მიდგომით გავაგრძელებთ მომავალშიც. ჩვენ ასევე ველოდებით დამატებით 100 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოსვლას და საერთო ჯამში 200 ერთეული გაზზე მომუშავე 18-მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება თბილისის მოსახლეობას. აღნიშნული პროექტი მომდევნო წლის ბოლოსთვის დასრულდება. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ მიდგომას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყოველთვის იყოს მოწესრიგებული და ეფექტიანად ემსახურებოდეს მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა „თეგეტა ჰოლდინგის“ და კომპანია MAN Truck & Bus-ის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილეები და დედაქალაქის მერიის სამსახურების ხელმძღვანელები.
კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. გარდა ამისა, ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებითა და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით.ბ ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას.
ამ ეტაპზე, დედაქალაქში შემოსულია და ექსპლუატაციაშია 75 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. დამატებით 25 ავტობუსი მარშრუტებზე ეტაპობრივად გადანაწილდება. უახლოეს პერიოდში თბილისში დამატებით 100 ერთეული ახალი 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვა. ჯამში თბილისის მოსახლეობას 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.