დედაქალაქში პრობლემური საგზაო კვანძების მოწესრიგების სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს
დედაქალაქში პრობლემური საგზაო კვანძების მოწესრიგების სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 18 მარტიდან სამუშაოები დაიწყება შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე: ქეთევან დედოფალის გამზირის და ნავთლუღის ქუჩის კვეთა; მოსკოვის გამზირისა და მეველის ქუჩის კვეთა; მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორია; ჯავახეთის ქუჩისა და მოსკოვის გამზირის კვეთა.
მისივე თქმით, აღნიშნული საგზაო კვანძებზე მოეწყობა ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო საგზაო ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლები. კერძოდ, ქეთევან დედოფლის გამზირისა და კაჩინსკის ქუჩის კვეთიდან, ჯავახეთის ქუჩისა და მოსკოვის გამზირის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოეწყობა ავტობუსის ზოლი.
„ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი გადაჰყავს დღის განმავლობაში, იყოს კომფორტული, სწრაფი და მოქალაქეებს არ უწევდეთ გაჩერებებზე ლოდინი გარკვეული დროის განმავლობაში იმის გამო, რომ ავტობუსი და მიკროავტობუსი საცობში ფერხდება. ეს დისკომფორტია, რომელსაც შემდეგ ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება. მოქალაქეებს კი ჰგონიათ, რომ ავტობუსის და მიკროავტობუსის ნაკლებობაა ქალაქში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ორჯერ მეტი ავტობუსი ემსახურება დღეს დედაქალაქის მოსახლეობას, ვიდრე ეს ე.წ. ყვითელი ავტობუსების პირობებში ხდებოდა, თუმცა აღნიშნული საცობები გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ამიტომ, მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება - სატრანსპორტო დერეფნები ერთმანეთს უნდა დაუკავშირდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.