დედაქალაქის ბიუჯეტის მოცულობა იზრდება და 2 506 978 300 ლარს შეადგენს
თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის მოცულობა იზრდება და საბოლოო ჯამში 2 506 978 300 ლარს შეადგენს, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
მისივე თქმით, შესაბამისი ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის დადგენილებაში შედის, რომლის თანახმადაც, დედაქალაქის დამტკიცებულ ბიუჯეტს კიდევ 296 420 100 ლარი ემატება.
„წელს დედაქალაქს აქვს უპრეცედენტო მოცულობის ბიუჯეტი, რომლითაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი, თუმცა თავიდანვე ვთქვით, რომ ბიუჯეტის მოცულობა კვლავ გაიზრდებოდა. მიმდინარე თვეს უკვე განხორციელდა ცვლილება თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში და დედაქალაქის 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს დაემატა გასული წლის ნაშთი - 17 მლნ ლარი. ამჯერად, კიდევ ერთი ცვლილება შედის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის დადგენილებაში. კერძოდ, 2026 წლის პირველი იანვრისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული გარდამავალი ნაშთისა და 2025 წელს შემოსულობებების გადაჭარბებით მიღებული შემოსავლების - 273 860 100 ლარის გამოყენებისა და მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით. აღნიშნული ცვლილების თანახმად, გრანტების ნაწილში, სხვა კაპიტალური გრანტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან იზრდება 22 560 000 ლარით. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით, ბიუჯეტის მოცულობა იზრდება 296 420 100 ლარით და სულ შეადგენს 2 506 978 300 ლარს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით, ასიგნებები გადანაწილდა შემდეგ პრიორიტეტებზე: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა - 68 292 800 ლარი; ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება - 123 719 200 ლარი; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 15 742 500 ლარი; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 349 000 ლარი; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 6 411 300 ლარი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 7 847 700 ლარი; განათლება - 51 209 800 ლარი; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 18 182 400 ლარი; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 3 361 500 ლარი; თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები - 1 303 900 ლარი.
დედაქალაქის მერის თქმით, გაგრძელდება დაწყებული პროექტები, მათ შორის ისტორიულ არეალებში - სულხან საბასა და ინგოროყვას ქუჩების სრული რეაბილიტაცია და იქ არსებული შენობა-ნაგებობის განახლება.
„წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებულია მეტროს 14 ვაგონის მოდერნიზაცია - 18 მლნ ლარი; დაიწყება ნაძალადევის დეპოს რეაბილიტაცია - 5 მლნ ლარი; 4 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობ/რეაბილიტაცია - 11,4 მლნ ლარი; კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული სახლების გამოსყიდვა - 10 მლნ ლარი; მთაწმინდის რაიონში ძმები კაკაბაძეების ქუჩის რეაბილიტაცია - 4 მლნ ლარი; ფილტვის სკრინინგი - 3 მლნ ლარი. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაგეგმილი და თითოეული თბილისელის თანადგომა ამჯერადაც დაგვჭირდება. მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს თან სდევს გარკვეული დისკომფორტი, თუმცა ეს ყველაფერი ქალაქისთვის და აქ მცხოვრებლებისთვის კეთდება. ჩვენი გუნდი 24-საათიან რეჟიმში მუშაობასა და ქალაქისთვის საუკეთესო პროექტების განხორციელებას განაგრძობს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და ეროვნული ბანკის საერთაშორისო ჰაკათონზე გაიმარჯვა სტარტაპმა Goni, რომელმაც GITA-ს 20 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა
30.10.2026.20:41
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და ეროვნული ბანკის საერთაშორისო ჰაკათონზე გამოვლინდა გამარჯვებული სტარტაპი - Goni. გუნდის წევრებმა, თინა სიხარულიძემ და ნიკოლოზ დარსალიამ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 20,000-ლარიანი საგრანტო დაფინანსება მოიპოვეს.
ღონისძიებას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიგი კეჟერაშვილი დაესწრო, რომელმაც გამარჯვებულ გუნდებს პრიზები გადასცა.
Fintech ჰაკათონში, რომელიც ორ - ხელოვნური ინტელექტისა და ღია ბანკინგის მიმართულებებს აერთიანებდა, 28 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. რამდენიმე კვირის განმავლობაში მონაწილეები ინტენსიურად მუშაობდნენ ფინანსური სექტორის წინაშე არსებული რეალური გამოწვევების ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნაზე. ტრენინგების, ონლაინ და პირისპირ მენტორშიფ-სესიებისა და პირველადი შერჩევის ეტაპის შემდეგ, ფინალურ ეტაპზე 8 გუნდი გადავიდა. მათ საკუთარი პროექტები Demo დღეზე ჟიურის წარუდგინეს.
ჟიურის გადაწყვეტილებით, ჰაკათონის გამარჯვებული გახდა სტარტაპი Goni, რომელმაც მიმართულებაში - „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ფინანსურ სექტორში“- საუკეთესო შედეგი აჩვენა. სტარტაპი შექმნილი პროტოტიპის შემდგომ განვითარებას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო დაფინანსებით გააგრძელებს. პროექტის პარტნიორების - Tether-ისა და Pave Bank-ის მხარდაჭერით, გუნდი Goni ასევე გაემგზავრება დუბაიში, სადაც გლობალურ ტექნოლოგიურ გამოფენას - GITEX Global 2026-ს დაესწრება.
ჰაკათონის მეორე მიმართულებაში - „ღია ბანკინგის API-ების დიაგნოსტიკა და ბენჩმარკინგი“ - საუკეთესო გუნდად Faeda AI დასახელდა. გუნდის წევრებმა, ორხან შამილოვმა და ნუცა ზალუაშვილმა, Tether-ისა და Pave Bank-ის მხარდაჭერით, აზიის ერთ-ერთ წამყვან ფინტექ ღონისძიებაზე - Singapore FinTech Festival 2026-ზე დასწრების შესაძლებლობა მოიპოვეს, სადაც ისინი საკუთარ პროექტს საერთაშორისო აუდიტორიას წარუდგენენ.
Fintech ჰაკათონი მიზნად ისახავდა ფინტექ სექტორში ინოვაციური და მასშტაბირებადი პროდუქტების შექმნის ხელშეწყობას, ადგილობრივი და საერთაშორისო ტექნოლოგიური ტალანტების განვითარებასა და ფინანსურ ტექნოლოგიებში ხელოვნური ინტელექტისა და ღია ბანკინგის სტანდარტების დანერგვის წახალისებას. პროექტი 15 ოქტომბერს თბილისის ტექნოპარკში დაიწყო და მასში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ქართველმა, ისე საერთაშორისო სტარტაპერებმა. ჰაკათონის განმახორციელებელი კომპანიაა თბილისის კომუნიკაციის სკოლა (commschool).