დედაქალაქის მერია ე.წ. გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს დაეხმარება
თბილისის მერია სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების საკითხს დეტალურად შეისწავლის და მათ შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას გაუწევს, - განცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეომიმართვაში.
დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალიტეტი დაზარალებულ მოქალაქეებს პრობლემების პირისპირ არ დატოვებს.
„სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე, სადაც ბევრი ადამიანი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, გაჩნდა ხანძარი, რამაც ბევრი ადამიანისთვის ძალიან დიდი პრობლემა შექმნა. დღეს ამ ადამიანების გარკვეული ჯგუფი მოსული იყო მერიაში და ითხოვდა დახმარებას. მქონდა პრემიერ-მინისტრთან საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძემ დამავალა, რომ დეტალურად შევისწავლოთ აღნიშნული საკითხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საკითხის მოკვლევის მიზნით, დაზარალებულებთან საუბრები დაუყოვნებლივ დაიწყება.
„ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე მზად არის შეხვდეს საინიციატივო ჯგუფს, ამ ადამიანებს მოუსმინოს და დავიწყოთ დეტალური მოკვლევა. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დაგეხმარებით, გვერდით დაგიდგებით და პრობლემების პირისპირ არ დაგტოვებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციით ფერმერებმა 1,4 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს
04.11.2026.09:53
სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამამუშავებელმა 10-მა საწარმომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე პერიოდში 5 500 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. შედეგად, ფერმერებმა 1,4 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათ შორის სახელმწიფო სუბსიდია 500 000 ლარს აჭარბებს.
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ ხილის გადამამუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენს.
პროგრამაში ჩართვა შეუძლია ხილის გადამამუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც 2026 წლის 18 დეკემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდიან. არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებს საკოორდინაციო შტაბი.