დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლების კონფერენცია და სამუშაო შეხვედრები იმართება
თბილისს საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (UITP) წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ესტუმრნენ. 20-ზე მეტი ქვეყნის დელეგატს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მასპინძლობს.
სასტუმრო „შერატონ მეტეხ პალასში“ კონფერენცია გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მონაწილეებს სიტყვით მიმართა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ნინო ბაგაშვილმა.
„თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი 2023 წლიდან არის. აქტიურად ვართ ჩართულები სამუშაო პროცესში და ისეთი მნიშვნელოვანი თემების განხილვაში, როგორებიცაა ავტობუსების ქსელის დაგეგმვა, ქუჩების მულტიმოდალური პრინციპით მოწყობა და სხვა. მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან გამოცდილების გაზიარება გვეხმარება დღეს არსებული პრობლემების გადაჭრაში იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ უფრო კომფორტული და სწრაფი“, - აღნიშნა ნინო ბაგაშვილმა.
ასევე, დედაქალაქის მერიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მმართველი ორგანოების კომიტეტის რიგით 65-ე შეხვედრა გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში უცხოელი სტუმრები დიდი დიღმის ავტობაზას, თბილისის მეტროს დეპოს და მთაწმინდის საბაგიროს დაათვალიერებენ, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის სპეციფიკას გაეცნობიან.
სხვა სიახლეები
ლემშვენიერა-დავით გარეჯის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
01.10.2026.11:17
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლემშვენიერა-დავით გარეჯის საავტომობილო გზის კმ14-კმ18 მონაკვეთის და გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერთან მისასვლელი საავტომობილო გზის 0.9 კმ. სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 5,3 კმ-ია და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
„არსებულ გზაზე საფარი მხოლოდ გრუნტოვანი იყო და ატმოსფერული ნალექის შემთხვევაში მასზე მოძრაობა რთულდებოდა.
პროექტი ითვალისწინებს გზის სრულ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. არსებული ხელოვნური ნაგებობების აღდგენა და ახალი ნაგებობების მოწყობა. ასევე, გათვალისწინებულია მიერთებების, წყალგამტარი მილების, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.
პროექტი სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შესყიდვის ბმული“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.