დედაქალაქში „თბილისი ფუდ-გენი 2026“ გაიმართება
24 და 25 ოქტომბერს, ორბელიანის მოედანზე ქართული გულსართიანი ცომეულისადმი მიძღვნილი ფესტივალი „თბილისი ფუდ-გენი 2026“ გაიმართება, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ქართული ტრადიციული ცომეულის მომზადების მასტერკლასები, ასევე ქართული კულინარიის ისტორიისა და ტრადიციების საინფორმაციო სემინარები.
„ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით ჩატარდება. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ქართული ცომეულის მრავალფეროვნება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ცნობილი თუ მივიწყებული კერძები. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონებიდან მოწვეული შეფ-მზარეულები. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ცომეულის მომზადების მასტერკლასები, ასევე საინფორმაციო სემინარები ქართული კულინარიის ისტორიისა და ტრადიციების შესახებ. აღნიშნული ფესტივალი დედაქალაქში პირველად ტარდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, ის მომდევნო წლებშიც გაიმართება. ყველას გელოდებით ორბელიანის მოედანზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, ფესტივალზე ყურადღება დაეთმობა თანამედროვე გასტრონომიასაც, რომლის ფარგლებში შეფ-მზარეულები ქართულ ტრადიციულ გემოებს თანამედროვე ინტერპრეტაციით წარმოადგენენ.
სხვა სიახლეები
სგპ „ყაზბეგი“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
21.10.2026.12:35
ბოლო მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,ყაზბეგი", სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 13 ფაქტი აღიკვეთა.
მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 898 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში - 189 715 ლარი შეადგინა.
5 კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 8 კანონდამრღვევ მოქალაქეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯარიმა ჯამში - 82 714 ლარის ოდენობით შეეფარდა.