დღეიდან ხმაურიან ავტომობილებზე კონტროლი მკაცრდება
დღეიდან ხმაურიან ავტომობილებზე კონტროლი მკაცრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმებას, უწყების მიერ შეძენილ, საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაში არსებულ, ხმაურის დონის საზომი პორტატული მოწყობილობის კომპლექტის მეშვეობით განახორციელებენ.
სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით არის რეგულირებული. დადგენილების თანახმად, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში - 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბალს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, თუ ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, ამ შემთხვევაში პირი 100 ლარის ოდენობით დაჯარიმდება და მისი მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულები 10-ით შემცირდება. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 200 ლარამდე გაიზრდება და მართვის მოწმობის ქულები 20 ქულით შემცირება, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევისას პირი 300 ლარის ოდენობით დაჯარიმდება და მისი მართვის მოწმობის ქულები 30 ქულით შემცირდება.
სხვა სიახლეები
ეროვნული ბანკის გაფრთხილება მომხმარებელს
23.10.2026.14:47
სხვადასხვა სახის ფინანსურ აქტივებსა თუ ინსტრუმენტებში ინვესტირებასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღება გაამახვილონ და გადაამოწმონ, აქვთ თუ არა შესაბამისი ლიცენზია იმ შუამავალ პირებს, რომლებიც აღნიშნულ პროდუქტებში ინვესტირებასა და მასში ჩართულობას სთავაზობენ.
როგორც წესი, ფინანსურ პროდუქტებში ინვესტირებასთან დაკავშირებული საშუამავლო საქმიანობა მოითხოვს შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემულ საქმიანობის ლიცენზიას. აღნიშნული ნებართვის გარეშე პირის საშუამავლო საქმიანობა შეიძლება წარმოადგენდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის დანაშაულს, კერძოდ, უკანონო სამეწარმეო საქმიანობას.
აღსანიშნავია, რომ ფინანსურ პროდუქტებს განეკუთვნება არა მხოლოდ ტრადიციული ფინანსური ინსტრუმენტები, როგორებიცაა აქციები, ობლიგაციები და სხვა, მათ შორის, ტოკენიზებული ფორმით არსებული ფასიანი ქაღალდები, არამედ უფრო კომპლექსური ინსტრუმენტებიც ფინანსური დერივატივების სახით, როგორიცაა ფინანსური კონტრაქტები ფასთა შორის სხვაობაზე (CFD) და ბინარული ოფციონები.
ფინანსური კონტრაქტი ფასთა შორის სხვაობაზე (CFD) წარმოადგენს ისეთ კონტრაქტს, რომლის საფუძველზე ინვესტორი თანხმდება სამომავლოდ მიიღოს ან გადაიხადოს შესაბამისი საბაზისო აქტივის ან საბაზისო მაჩვენებლის საწყის (CFD პოზიციის გახსნისას დაფიქსირებულ) და სამომავლო (CFD პოზიციის დახურვისას დაფიქსირებულ) ფასებს/დონეებს შორის სხვაობა. CFD-ის საბაზისო აქტივი შეიძლება იყოს, მათ შორის, ფასიანი ქაღალდი, ვალუტა, საქონელი (მაგ., ძვირფასი მეტალი), ვირტუალური აქტივი (მათ შორის „კრიპტო ვალუტა“), ხოლო საბაზისო მაჩვენებელი - საპროცენტო განაკვეთი, გაცვლითი კურსი, ინდექსი და სხვა. ამასთან, კონტრაქტის კომერციული სახელწოდება არ არის გადამწყვეტი ფასთა შორის სხვაობის კონტრაქტად მისი მიჩნევისათვის. მაგალითად, ბოლო პერიოდში გავრცელებული ე. წ. ‘Perpetual futures’/‘perpetual contract’-ები აგრეთვე შეიძლება წარმოადგენდეს, მათი მახასიათებლების მიხედვით, CFD-ს.
რაც შეეხება ბინარულ ოფციონს, იგი ისეთი სახის კონტრაქტია, რომლის მიხედვითაც ინვესტორი ფულად თანხას მიიღებს ან გადაიხდის იმის მიხედვით, დადგება თუ არა კონტრაქტის ვადის ამოწურვის მომენტისთვის ან ვადის ამოწურვამდე საბაზისო აქტივის ფასთან ან საბაზისო მაჩვენებელთან დაკავშირებული რომელიმე წინასწარ განსაზღვრული მოვლენა. ბინარული ოფციონის საბაზისო აქტივი CFD-ის მსგავსად შეიძლება იყოს, მათ შორის, ფასიანი ქაღალდი, ვალუტა, საქონელი (მაგ., ძვირფასი მეტალი), ვირტუალური აქტივი (მათ შორის „კრიპტო ვალუტა“), ხოლო საბაზისო მაჩვენებელი - საპროცენტო განაკვეთი, გაცვლითი კურსი, ინდექსი, ინფლაცია და სხვა. ამ შემთხვევაშიც, კონტრაქტის კომერციული სახელწოდება არ არის გადამწყვეტი ბინარულ ოფციონად მისი მიჩნევისათვის. ამ თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში გავრცელდა ე.წ. „Prediction Market“-ები, რომლებიც პოტენციურ ინვესტორს კონკრეტული მოვლენის დადგომასთან დაკავშირებით ვაჭრობის შესაძლებლობას (ე. წ. ‘event contract’) სთავაზობენ. პოტენციურმა ინვესტორებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, როცა შესაბამისი მოვლენა რომელიმე ზემოხსენებულ ფინანსურ აქტივთან ან ფინანსურ მაჩვენებელთან არის დაკავშირებული, ვინაიდან მათთვის ასეთი კონტრაქტების შეთავაზება შესაძლოა საჭიროებდეს შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემულ ლიცენზიას.
ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ისეთ პირებთან კომუნიკაციისას, რომლებიც მათ ზემოხსენებულ ფინანსურ პროდუქტებში ინვესტირებას სთავაზობენ. ამავდროულად, სებ-ი მოუწოდებს მოქალაქეებს გადაამოწმონ არიან თუ არა აღნიშნული პირები უფლებამოსილი მარეგულირებელი ორგანოს მიერ ლიცენზირებულნი.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბროკერო, აქტივების მმართველი კომპანიებისა და კომერციული ბანკების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია სებ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე: