დღეიდან, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) 2026-2027 წლების პრეზიდენტი უწყებაა
დღეიდან, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) 2026-2027 წლების პრეზიდენტი უწყებაა.
ICPEN-ის პრეზიდენტობის ფარგლებში, 2026 წლის სექტემბერში, თბილისში, უწყება მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, რომელსაც 80-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება.
კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ICPEN-ის პრეზიდენტობის პერიოდში, წევრ ქვეყნებთან ერთად, სამ პრიორიტეტულ საკითხზე იმუშავებს: გააძლიეროს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გამოცდილების გაზიარების, გლობალური სტანდარტების შემუშავების და არაკეთილსინდისიერი პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით; გააძლიეროს ციფრულ ბაზრებზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები; გააძლიეროს ახალგაზრდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებები გამოცდილ ინსტიტუციებთან თანამშრომლობის გაღრმავებით.
ICPEN-ის პრეზიდენტობის მთავარი გზავნილია - „ციფრულ ეპოქაში ნდობის შენება" (Building Trust in the Digital Age).
მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელი 1992 წელს დაარსდა. ორგანიზაცია 80-ზე მეტ წევრ ქვეყანას და წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებს აერთიანებს.
სხვა სიახლეები
2027 წლის პირველი აპრილი ბიზნეს სუბიექტების ხელახალი რეგისტრაციის ბოლო ვადაა - თამარ ზოდელავა
09.11.2026.15:40
2027 წლის პირველი აპრილი არის ბოლო ვადა, რათა ბიზნეს სუბიექტებმა შესაბამისობაში მოიყვანონ მონაცემები და გაიარონ ე.წ. ხელახალი რეგისტრაცია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ბიზნესინსაიდერი“ განაცხადა.
თამარ ზოდელავამ განმარტა ის პროცედურები, რომლებიც ბიზნეს სუბიექტებმა ხელახალი რეგისტრაციისთვის უნდა გაიარონ.
„მოგეხსენებათ, რომ იმ მეწარმეებს, რომლებმაც 2026 წლის პირველ აპრილამდე არ გაიარეს ე.წ. ხელახალი რეგისტრაცია, შეუჩერდათ სტატუსი. შეჩერებული სტატუსი ჯერ კიდევ არ ნიშნავს გაუქმებას. ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ბიზნესსუბიექტები ვერ ახერხებენ ამონაწერის მიღებას, არ აქვთ წვდომა საბანკო პროდუქტებზე, ვერ ახორციელებენ საგადასახადო ტრანზაქციებს და ა.შ.
იმისთვის, რომ მათ ყველა ამ სერვისზე წვდომა აღუდგეთ, საჭიროა, შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი სარეგისტრაციო მონაცემები.
მეწარმეებს ხელახალი რეგისტრაციის გასავლელად 2027 წლის პირველ იანვრამდე აქვთ ვადა. თუმცა, თუ ამ დროისთვისაც არ გაივლიან რეგისტრაციას, 2027 წლის პირველ იანვარს მათ გაეგზავნებათ შეტყობინებები და კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე 2027 წლის პირველ აპრილამდე, მიეცემათ ვადა ხელახალი რეგისტრაციის გასავლელად.
2027 წლის პირველ აპრილს გაუქმდება ყველა ის ბიზნეს სუბიექტი, რომელსაც ხელახალი რეგისტრაცია არ ექნება გავლილი. სახელმწიფოს კი ექნება აქტუალური და სანდო მონაცემები ყველა იმ მეწარმის შესახებ, რომელიც აქტიურად ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ბიზნესინსაიდერი“.