დღეს არის ეტაპი, რომ საერთაშორისო ინვესტორებმა ყურადღება მიაქციონ საქართველოს, რადგან საუკეთესო სტარტაპები სწორედ ახლა, თბილისში იქმნება - ავთანდილ კასრაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, სან-ფრანცისკოში ინოვაციების ჰაბის შექმნის მნიშვნელობას აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკაში დიდი ეფექტი ექნება სწორედ ასეთ მასშტაბურ პროექტებს, ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ავთანდილ კასრაძემ სან ფრანცისკოში ვიზიტის შეფასებისას ხაზი გაუსვა, რომ სილიკონის ველი, სადაც ინოვაციების ჰაბია განთავსებული, ფაქტობრივად, ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მთავარ ეპიცენტრს წარმოადგენს.
„სან ფრანცისკოში ვიზიტის დროს, დამსწრე საზოგადოებას საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის შესახებ პრეზენტაცია წარვუდგინე, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია. ხაზგასმით აღინიშნა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი შედეგი ამ მიმართულებით და ასევე ის უპირატესობები, რაც საქართველოს აქვს მსოფლიო ინოვაციურ ეკოსისტემაში - ქვეყნის საკანონმდებლო ჩარჩო და რეგულაციები, რის შედეგადაც საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების რეიტინგებში ქართული ბიზნესგარემო მოწინავე ადგილზეა. ასევე აღინიშნა, რომ საქართველო მდიდარია ტალანტებით და ასევე ჩვენი ქვეყანა უცხოურ ტალანტებსაც იზიდავს“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
GITA - ს თავმჯდომარის თქმით, ეს კიდევ ერთი სიგნალია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემით დაინტერესდნენ.
„დღეს არის ეტაპი, რომ საერთაშორისო ინვესტორებმა ყურადღება მიაქციონ საქართველოს, რადგან საუკეთესო სტარტაპები სწორედ ახლა, თბილისში იქმნება“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
სააგენტოს თავმჯდომარემ GITA - ს რეგიონალურ საგრანტო პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მნიშვნელოვანი წამახალისებელი ფაქტორია ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით ახალგაზრდების ჩართულობისა და ინტერესების თვალსაზრისით.
ავთანდილ კასრაძემ საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის Dealroom- ის გლობალურ რუკაზე დამატებაც შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, Dealroom წარმოადგენს წამყვან გლობალურ პლატფორმას და მსოფლიო სტარტაპ ეკოსისტემების ციფრულ რუკას, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს დეტალურ ინფორმაციას სტარტაპებზე, ინვესტორებზე, უნივერსიტეტებზე, მსხვილ კომპანიებსა და ინოვაციურ ინსტიტუციებზე.„Dealroom- ის გლობალურ რუკაზე დამატება მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული სტარტაპების საერთაშორისო ცნობადობას, გაამარტივებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პროცესს და დაეხმარება როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში. შედეგად, კიდევ უფრო გამყარდება საქართველოს პოზიციონირება გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე” - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით, 6 ქართული სტარტაპი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიება Web Summit - ში მონაწილეობას მიიღებს, რომელიც პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში გაიმართება.
სხვა სიახლეები
სოფელ ყიზილ-აჯლოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესი მიმდინარეობს
11.06.2026.17:56
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობის ინტერესების დაცვისა და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) წერილობით მიმართა შპს “სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს” სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებით.
სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა დღეიდან დაიწყება.
მიმდინარე წლის 9 ივნისს სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობას ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა გაზგამანაწილებელი კომპანიის - შპს “მამედის” თვითნებური და კანონთან შეუსაბამო ქმედებების გამო. შპს “მამედი” წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ლიცენზიატ კომპანიას, რომელიც ბუნებრივ გაზს ანაწილებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოში. თვეების განმავლობაში შპს “მამედი” არ ასრულებდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ ახორციელებდა მომხმარებლებისთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდას შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტისთვის“, რის შედეგადაც შპს “მამედს” 600 ათას ლარზე მეტი ოდენობის დავალიანება დაუგროვდა. აღნიშნულის შედეგად, შპს „მამედს“ ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა.
სემეკი უახლოეს საჯარო სხდომაზე იმსჯელებს შპს „მამედში“ სპეციალური მმართველის დანიშვნის საკითხზე, რათა გრძელვადიან პერიოდში უზრუნველყოფილი იყოს სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უწყვეტი და საიმედო მომარაგება.