დღეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისრაელის 21-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 1 ივლისს, დინამო არენაზე, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისრაელის 21-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება.
30 ივნისს, ოფიციალური რეგლამენტით გავთვალისწინებულ მატჩისწინა ვარჯიშს, ჩვენი გუნდი საგურამოში, თბილისის ლოკომოტივის ბაზაზე ჩაატარებს, ხოლო მანამდე, მასპინძელ არენაზე ჟურნალისტების კითხვებს - რამაზ სვანაძემ და გიორგი მოისწრაფიშვილმა უპასუხეს.
საწვრთნელ პროცესზე (პირველი 15 წუთი) დასწრება, მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის არის დაშვებული.
რამაზ სვანაძე: "რთულ თამაშს ველოდებით. რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალია და სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია. პატივს ვცემთ მეტოქეს. ისრაელს, ბოლო პერიოდში დიდი წინსვლა აქვს ფეხბურთში, განსაკუთრებით ახალგაზრდულ დონეზე. რთულ თამაშს ველოდებით, თუმცა ჩვენი მიზანი გვაქვს - კიდევ ერთხელ გვსურს გულშემატკივრების გახარება და დადებითი შედეგის მიღწევა. ჩვენთვის მთავარია ერთიანობის, გუნდურობის და სათამაშო დისციპლინის შენარჩუნება იქნება, რაც ჯგუფურ ეტაპზე გამოგვარჩევდა.
შემთხვევით ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ვერავინ მოხვდება. ისრაელის ნაკრებიც გუნდურობით გამოირჩევა. მივიღეთ მეტოქე, რომელმაც დაიმსახურა ამ ეტაპზე ყოფნა. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. გვაქვს ამ გუნდთან თამაშის გამოცდილება. გორში, სამწუხაროდ, დავმარცხდით, თუმცა ხვალ განსხვავებული შინაარსის თამაში იქნება. ეს არის პლეი-ოფი, სადაც არავის აქვს შეცდომის დაშვების უფლება. ბევრი რამ იქნება ფეხბურთელების მომზადების დონეზე დამოკიდებული. ბრძოლისუნარიანი გუნდია, თუმცა ჩვენც გვაქვს კოზირები და ვეცდებით მაქსიმალურად გამოვიყენოთ.
აღდგენისთვის დამატებითი დღე მნიშვნელოვანი იყო. ნიდერლანდებთან შეხვედრაში დაღლილობა ძალიან იგრძნობოდა. არ ვართ ასეთ გრაფიკში თამაშს მიჩვეულები. ვთვლი, რომ მაქსიმალურად გამოვიყენეთ პერიოდი აღსადგენად. გუნდი მზადა არის 90 წუთისთვის და თუ დაგვჭირდა, მეტისთვისაც.
ყველა თამაშში გვიწევს დამტკიცება, რომ ღირსეულად ვართ ამ სტადიაზე. მთელი ქვეყანა გაერთიანებულია და ეს ყველაზე ემოციური მომენტია ჩემს სამწვრთნელო კარიერაში. ერთადერთი, რაზეც ბიჭებთან ვსაუბრობ, იმ ერთიანობის და გუნდურობის შენარჩუნებაა, რამაც აქამდე მოგვიყვანა. საქართველოს ნაკრები დაფასდა და თამაშის ფავორიტად პირველად ვითვლებით. ვალდებულები ვართ, რომ ეს სტატუსი გავამართლოთ."
გიორგი მოისწრაფიშვილი: "რთულ თამაშს ველოდებით. მეოთხედფინალში ისრაელის ძლიერ გუნდს ვხვდებით. ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის, რათა კიდევ ერთხელ გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი და ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება.
ვფიქრობ, ხვალინდელ შეხვედრაში ბურთით უფრო ჩვენ ვიქნებით. ჩვენი ძლიერი მხარე სწორედ ეს არის. ვიცით, რომ გადავსებული იქნება სტადიონი და ეს ჩვენთვის დიდი მოტივაციაა. გულშემატკივრები ძალიან დიდ ძალას გვაძლევენ თამაშის მსვლელობისას."
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.