დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს
კლიმატის ცვლილება და მასთან დაკავშირებული არაერთი გამოწვევა მსოფლიო დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. საქართველო, საერთაშორისო საზოგადოების შეთანხმებების და გადაწყვეტილებების ფარგლებში, აქტიურად ახორციელებს ყველა იმ აქტივობას, რომელიც დაკავშირებულია კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის და შერბილების საკითხებთან. გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმების და საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქართველომ 2021 წელს შეიმუშავა და დაამტკიცა ეროვნულად განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი (NDC), რომლითაც განისაზღვრა 2030 წლისთვის სათბური აირების ემისიების შემცირების სამიზნე მაჩვენებლები.
სამოქმედო გეგმაში გაიწერა უახლოეს 2 წელიწადში კლიმატის ცვლილების შერბილების კუთხით ქვეყანაში დაგეგმილი ღონისძიებები ქვეყნის ეკონომიკის შვიდ სექტორში:
⮚ ენერგეტიკის გენერაცია და გადაცემა;
⮚ ტრანსპორტი;
⮚ შენობები;
⮚ მრეწველობა;
⮚ სოფლის მეურნეობა;
⮚ ნარჩენების მართვა;
⮚ სატყეო მეურნეობა.
საერთო ბიუჯეტი შეადგენს 3 694 328 186 ლარს
დაფინანსების მნიშვნელოვანი წილი მოდის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ენერგეტიკისა და ნარჩენების სექტორებში. კერძოდ, ენერგეტიკის სექტორში პრიორიტეტული მიმართულებები იქნება ქარის მზის და ჰიდრო ელექტროსადგურების მშენებლობა. ნარჩენების სექტორში მნიშვნელოვანია ახალი ნაგავსაყრელების მოწყობა/მოწყობის დაწყება და არსებული ნაგავსაყრელების განახლება, ასევე ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა.
მნიშვნელოვანი მიმართულებაა ტრანსპორტის სექტორიც, რომელშიც პრიორიტეტულია მობილობის არამოტორიზებული (მეტროს სადგურების მოდერნიზაცია, საბაგირო ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობა, ველობილიკების მოწყობა) საშუალებებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისება (კერძოდ, თბილისში). ასევე, ავტომობილებიდან გამონაბოლქვის დონის კონტროლის ტექნიკური მექანიზმის დანერგვა.
სოფლის მეურნეობის სექტორში აქცენტი გაკეთდება ქარსაფარი ზოლების მდგრადი მართვის გაუმჯობესებასა და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკების თანდათანობით დანერგვასა და მათ პოპულარიზაციაზე ცნობიერების ამაღლების საშუალებით.
სატყეო სექტორის მიერ ნახშირბადის შთანთქმის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით დაგეგმილია ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებები დეგრადირებული ტყის ტერიტორიაზე, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტყის მდგრადი მართვის გაუმჯობესებას (გაგრძელდება ტყის ინვენტარიზაცია, მომზადდება ტყის მართვის გეგმები 5 სატყეო უბნისთვის და დაიხვეწება ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემა).
აღსანიშნავია, რომ 2021-2023 წლების და ახალი, 2024-2025 წლების კლიმატის სამოქმედო გეგმებით განსაზღვრული ღონისძიებები რომ არ გატარებულიყო, 10-12%-ით მეტი კლიმატის ცვლილების გამომწვევი აირების ემისია ექნებოდა საქართველოს. ახალი ორწლიანი გეგმა საშუალებას მოგვცემს ემისიების დონე შევინარჩუნოთ 10-12%-ით დაბალ ნიშნულზე, რადგან 2021-2023 წლებში განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიც აისახება შემცირებულ ემისიებში, რომელსაც დაემატება 2024-2025 წლებში განსახორციელებელი საქმიანობები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისთვის, რათა კლიმატის ცვლილების მიმართულებით ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისად დასახული ამბიციური მიზნები მიღწეული იყოს.
მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი მომზადდა შესაბამისი უწყებების აქტიური ჩართულობით და მონაწილეობით, ასევე გაიმართა არაერთი საჯარო კონსულტაცია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.