დიდ დიღომს მეტროსადგურ "დიდუბესთან" ტრამვაის ახალი ხაზი დააკავშირებს - ხელშეკრულებას ხელი მოეწერა
"ჩვენ დავპირდით თბილისელებს ტრამვაის დაბრუნებას, დღეს ამ დაპირების შესრულების კონკრეტულ ეტაპს ვიწყებთ", - ამის შესახებ განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით, იდეა კონკრეტულ საქმედ იქცა.
მისი თქმით, ტრამვაის ხაზი დიდ დიღომს მეტროსადგურ "დიდუბესთან" დააკავშირებს და პროექტის სამივე ეტაპის განხორციელებას 36 თვე დასჭირდება.
"დღეს მართლაც გამორჩეული დღეა ჩვენი დედაქალქისთვის, რადგან თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და თურქული კომპანია ერთობლივი საწარმო "ივაის" შორის ხელი ეწერება ხელშეკრულებას თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის შესახებ. მახსოვს, როდესაც ტრამვაის დაბრუნების შესახებ პირველად გავაკეთე განცხადება, რამხელა გამოხმაურება მოჰყვა ამას საზოგადოებაში. იყო დიდი სიხარული, მაგრამ იყო სრულიად ბუნებრივი კითხვაც, როდის გახდება ეს იდეა რეალობა? დღეს სწორედ ამ კითხვას ვცემთ პასუხს, იდეიდან, დაპირებიდან გადავდივართ კონკრეტულ საქმეზე. ეს ჩემთვის, თანაგუნდელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები ერთი განცხადებით არ კეთდება, ნას სჭირდება დაგეგმვა, ფინანსური რესურსი, პროფესიონალების ჩართულობა, დრო და რაც მთავარია, პოლიტიკური ნება, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანო. შესაბამისად, მე, პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს – "ქართულ ოცნებას", მადლობა ჩვენს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის.
ტრამვაის დაბრუნებას თბილისისთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ეს არის ის ქალაქური კულტურის დაბრუნება, რომელიც ჩვენი უფროსი თაობის ყოველდღიურობის ნაწილი იყო, თუმცა ჩვენ წარსულში დაბრუნებას არ ვაპირებთ. ჩვენ ვაბრუნებთ ტრამვაის იმისთვის, რომ თბილისს მომავლის სატრანსპორტო სისტემა შევუქმნათ. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომლის განხორციელებაც 2017 წლიდან დავიწყეთ, სწორედ ამას ემსახურება – ქალაქში გადაადგილება იყოს უფრო სწრაფი, კომფორტული, უსაფრთხო და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ქუჩა თანაბრად უნდა ემსახურებოდეს ფეხით მოსიარულეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრს, ეკოტრანსპორტით მოსარგებლეს და ავტომობილების მძღოლებს.
ჩვენ გგვინდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ადამიანმა აირჩიოს არა იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვს, არამედ იმიტომ, რომ ის არის სწრაფი, კომფორტული და საიმედო. ტრამვაი ამ სისტემის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდება. ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ "დიდუბესთან" დააკავშირებს. პროექტი შედგება სამი ეტაპისგან – კონცეპტუალური პროექტის მომზადება, დეტალური პროექტირება და სამშენებლო სამუშაოები. სამივე ეტაპის ჯამური ვადა გახლავთ 36 თვე, ხოლო ყველა თანმდევი პროცედურის გათვალისწინებით, პროექტის დასრულება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იგეგმება", – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის განცხადებით, ახალი ტრამვაის ხაზი თბილისის თანამედროვე სატრანსპორტო ქსელის განვითარების დასაწყისი უნდა გახდეს. მისი თქმით, პროექტის განხორციელებას შესაძლოა გარკვეული დროებითი დისკომფორტი ახლდეს, თუმცა მერია მოსახლეობას სამუშაოების შესახებ ინფორმაციას წინასწარ მიაწვდის და მისი შემცირების მიზნით მაქსიმალურად იმუშავებს.
"რასაკვირველია, ერთი ტრამვაის ხაზი თბილისის ყველა სატრანსპორტო გამოწვევას ვერ გადაწყვეტს და ამის თქმას არც ვაპირებ, მაგრამ დიდი ცვლილებები ყოველთვის პირველი ნაბიჯით იწყება. გვინდა, რომ ეს ხაზი გახდეს თანამედროვე ტრამვაის ქსელის განვითარების დასაწყისი და თბილისის სატრანსპორტო სისტემის ახალი ეტაპი. წინ რთული სამუშაო პროცესი გველოდება. ასეთი მასშტაბის პროექტს აუცილებლად ახლავს გარკვეული დისკომფორტი. ამიტომ, დღესვე მინდა, თბილისელებს ვუთხრა, ყველა ეტაპზე მაქსიმალურად ღიად ვიქნები პირადად მეც, ჩემი თანაგუნდელებიც და წინასწარ მოგაწვდით ინფორმაციას სამუშაოების შესახებ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დისკომფორტი მაქსიმალურად შევამციროთ. როდესაც ქალაქი მომავალს აშენებს, ზოგჯერ დროებითი დისკომფორტის გავლაც გვიწევს, მთავარია, რა რჩება ამ პროცესის დასრულების შემდეგ. დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ არა უბრალოდ ხელშეკრულებას, დღეს ვიწყებთ პროექტს, რომელმაც თბილისის სატრანსპორტო ისტორიაში ახალი ფურცელი უნდა დაწეროს. მინდა, წარმატებები ვუსურვო თურქულ კომპანიას, ჩვენს სატრანსპორტო კომპანიას, ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობას მიიღებს ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში და იქნება ჩართული. ჩვენ დავპირდით თბილისელებს ტრამვაის დაბრუნებას, დღეს ამ დაპირების შესრულების კონკრეტულ ეტაპს ვიწყებთ. შემდეგი მთავარი დღე იქნება ის, როდესაც პირველი ტრამვაი ამ ხაზზე მგზავრებით გაივლის. მინდა, წარმატებები ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც კეთილ საქმეს აკეთებს ჩვენი ქალაქისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.