დიდი დიღმის ქალაქის ცენტრთან დაკავშირების ერთ-ერთ გზად ტრამვაის ხაზი განიხილება - Ramboll-ის რეკომენდაცია
თბილისის სატრანსპორტო განვითარების გეგმის მიხედვით, რომელიც დანიურმა საკონსულტაციო კომპანია Ramboll-მა მოამზადა, დიდი დიღმის ქალაქის ცენტრთან დაკავშირების ერთ-ერთ გზად ტრამვაის ხაზი განიხილება
დიდი დიღომი ყველაზე სწრაფად მზარდი საცხოვრებელი უბანია თბილისში, სადაც მოსახლეობის თითქმის 55%-ით გაზრდაა მოსალოდნელი 2022-2042 წლებში - ყველაზე მზარდი ტერიტორია თბილისში.
დიდი დიღომი საბჭოთა პერიოდში გაშენდა ქალაქის ჩრდილოეთით, როგორც ახალი საცხოვრებელი უბანი. იგი ყოველთვის განიცდიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ცუდ კავშირს. ამჟამად ტერიტორიას გადატვირთული ავტობუსები და მიკროავტობუსები ემსახურება, რის შედეგადაც ადამიანები ქალაქის ცენტრში უმეტესად ავტომობილით მგზავრობენ“, - ნათქვამია დოკუმენტში.
მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში შემოთავაზებული TBT ქსელი დიდ დიღომს თბილისის დანარჩენ ნაწილთან დააკავშირებს. მოსახლეობის ზრდასთან ერთად, დიდ დიღომსა და ქალაქის ცენტრს შორის მგზავრობისთვის უმჯობესი იქნება სარკინიგზო სისტემა. ეს შეესაბამება ქალაქში სარკინიგზო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვლის თბილისის გრძელვადიან ხედვას, რომელიც მიჩნეულია უფრო კომფორტულად და ეფექტურად.
როგორია დიდი დიღმის მიმართულებით ტრამვაის განვითარების გეგმა:
დიდ დიღომთან სარკინიგზო კავშირის შემდეგი ვარიანტები შეიძლება განიხილოს:
• ვარიანტი 1: ცენტრალური რკინიგზის სადგური სარაჯიშვილის გავლით დიდ დიღომამდე - ტრამვაის მატარებელი, რომელიც მაგისტრალურ სარკინიგზო ქსელზე ივლის სარაჯიშვილის სადგურამდე, შემდეგ კი სპეციალური ტრამვაის ხაზით გადაადგილდება. ეს დაკავშირებული იქნება შემოთავაზებულ სამგზავრო სარკინიგზო ქსელთან
• ვარიანტი 2: დიდუბის სატრანსპორტო კვანძიდან დიდ დიღომამდე - ეს უფრო ტრადიციული ტრამვაის სერვისი იქნება.
• ვარიანტი 3: საბურთალოდან დიდ დიღომამდე - ეს უფრო ტრადიციული ტრამვაის სერვისი იქნება.
გეგმაში პროექტის მშენებლობის სავარაუდო დაწყების თარიღად 2033 წელია მითითებულია, ხოლო ექსპლოატაციის დაწყების სავარაუდო თარიღად 2035 წელი. ბიუჯეტი 276,300,000 აშშ დოლარი იქნება.
Ramboll-ის მიერ შედგენილ გეგმაში დიდი დიღომში ტრანსპორტირების მოგვარების კიდევ ერთ გზად საბაგიროა დასახელებული. საბაგირო განიხილება დელისი - დიდი დიღმის მიმართულებით.
"საბაგირო სისტემების აშენება უფრო იაფია, ვიდრე მეტრო ან ტრამვაი, განსაკუთრებით ისეთ რელიეფზე, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა საშუალებების განვითარება მნიშვნელოვან ტექნიკურ გამოწვევებთანაა დაკავშირებული". - წერია გეგმაში.
80-გვერდიან დოკუმენტში საუბარია იმ ნაბიჯების შესახებ, რაც ურბანული მობილობის გაუმჯობესებისთვის საჭირო. დოკუმენტი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის დანიურმა საკონსულტაციო კომპანია Ramboll-მა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.

სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.