დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი ფიზიკური და იურიდიული პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა საფრანგეთში მოქმედ საბანკო დაწესებულებებს მათი კლიენტების სახელით ცრუ შეტყობინებები გაუგზავნა და ოფშორული კომპანიის სახელზე, საქართველოში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე 444 827 ევრო მოტყუებით ჩაარიცხინა.
შემდგომში, ფულის გათეთრების მიზნით, მსჯავრდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხის ნაწილი, ფიქტიური დანიშნულებებისა და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, მასთან დაკავშირებული პირების უცხოურ საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა, რა გზითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულ ფიზიკურ პირს სასჯელის სახედ და ზომად, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, 7 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო იურიდიულ პირს სამეწარმეო საქმიანობის უფლება უვადოდ ჩამოერთვა და 100 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
განაჩენით მსჯავრდებულს საბანკო ანგარიშებზე დაყადაღებული დაახლოებით 500 000 ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.