ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მცხეთა-მთიანეთის რეგიონშიც დაიწყო
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე საველე სამუშაოებში ჩართული პერსონალის შერჩევისა და დაკონტრაქტების პროცესი მიმდინარეობს. შერჩეული თანამშრომლები სამუშაოების დაწყებამდე სპეციალურ ტრენინგს გაივლიან, რაც პროგრამის ერთიანი სტანდარტებით და ეფექტიანად განხორციელებას უზრუნველყოფს.
ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი, პროგრამას ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, ცხოველთა მოყვარულებთან და მიმკედლებლებთან აქტიური თანამშრომლობით ახორციელებს. თითოეული ღონისძიების ჩატარების ადგილი და თარიღი ცენტრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე წინასწარ ქვეყნდება.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან აყვანილ ძაღლებს, ვეტერინარული პროცედურები თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა თავშესაფარში ჩაუტარდებათ. პროცედურების დასრულების შემდეგ ცხოველები პირვანდელ გარემოს დაუბრუნდებიან. მათი დაბრუნების ამსახველი ვიდეომასალა ასევე გამოქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:მიუსაფარი და მიკედლებული ძაღლების სტერილიზაცია/კასტრაცია;ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია;იდენტიფიკაცია- რეგისტრაცია;პატრონიანი ძაღლების (ძუ და ხვადი) იდენტიფიკაცია- რეგისტრაცია;პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაცია, იდენტიფიკაცია (ჩიპირება) და რეგისტრაცია.
პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს მიუსაფარი ძაღლების რაოდენობის ჰუმანური მეთოდებით შემცირებას, ცოფის პრევენციას, ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას როგორც მოსახლეობისთვის, ისე ცხოველებისთვის.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე 17 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
29.07.2026.10:17
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საჩხერის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება 17 კმ-იან მონაკვეთს.
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზა 3 მუნიციპალიტეტს ერთმანეთთან და გზის მიმდებარე სოფლებს რაიონულ ცენტრთან უმოკლესი მანძილით აკავშირებს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, რომელიც საჩხერის მუნიციპალიტეტში გადის, გზის საფარი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას ართულებდა. ახალი პროექტი კი სრულად უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება გზის სავალი ნაწილი, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლების მიზნით, მოეწყობა ახალი საგზაო ნიშნები, თვალამრიდები და განხორციელდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 26,2 მლნ.ლარამდე ფინანსდება და მისი დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.