ძალიან მძიმე განსაცდელია მთელი ქვეყნისთვის - ირაკლი ღარიბაშვილი
მინდა კიდევ ერთხელ ჩემი სამძიმარი გამოვხატო შოვში დაღუპულთა ოჯახების მიმართ, მათ ახლობლებს, ნათესავებს, ყველას, მთელს ქვეყანას, საზოგადოებას გამოვუცხადო სამძიმარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.
„ნამდვილად საშინელი ტრაგედია მოხდა შოვში, რამაც ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. მინდა მინისტრებს გთხოვოთ, რომ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა ნათელ ხსოვნას.
კიდევ ერთხელ მინდა ჩემი და მთავრობის სახელით გამოვხატო ღრმა მწუხარება. ამ საშინელმა ტრაგედიამ, რომელიც დატრიალდა შოვში მთელი საქართველო შეძრა და ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახებს. ძალიან მძიმე განსაცდელია მთელი ქვეყნისთვის. მთავრობა ჩართული იყო პირველივე წუთებიდან, მოგეხსენებათ. ჩვენი გმირი მაშველები, 400-მდე მაშველი იყო ჩართული სამუშაოებში, 210 ჩვენი თანამოქალაქე იქნა გამოყვანილი სტიქიის ზონიდან უვნებელი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გმირი ჯარისკაცები ჩაერთნენ ამ სამუშაოებში, ეხმარებოდნენ ჩვენს საამაყო, გმირ მაშველებს. მობილიზება იყო სრული გაკეთებული ჩვენი მხრიდან, ადგილზე იყვნენ ექიმები, ადგილზე არის მობილიზებული 100-ზე მეტი სპეციალური ტექნიკა, ბატონი ქარსელაძე თავად ხელმძღვანელობდა ამ სამუშაოებს და ყველა, მთელი მინისტრები, რა თქმა უნდა, იყვნენ მობილიზებული ადგილზე. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს მძიმე განსაცდელია ჩვენთვის ყველასთვის და კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.