ძლიერი წვიმის შედეგად დედაქალაქში დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ქუჩები და ყველა პრობლემური ლოკაცია ინტენსიურად იწმინდება - თბილისის მერია
თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
პროცესში, გასული ღამის მსგავსად, ჩართულია თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახურის, გამგეობებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.
წარმოქმნილი პრობლემების სწრაფად აღმოფხვრის მიზნით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების სამსახური მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს.
გაწმენდისა და ამოტუმბვის სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.
„თბილსერვის ჯგუფის“ მობილური ჯგუფები ლოკალურად არიან გადანაწილებული იმ პრობლემურ წერტილებში, სადაც უხვი ნალექის გამო გადაადგილება შეფერხდა ან საფრთხე შეიქმნა.
სალიკვიდაციო პროცესში სრულად არის ჩართული, როგორც სპეციალური მძიმე ტექნიკა, ისე „თბილსერვის ჯგუფის“ ცოცხალი ძალა. პარალელურად, ირეცხება სანიაღვრე ქსელები, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად ამოივსო სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ასევე იწმინდება სანიაღვრე ჭები. მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სავალი ნაწილის გაწმენდა ღვარცოფის შედეგად ჩამოტანილი მიწისგან.
„დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა ათივე რაიონში პრობლემები შექმნა. გზის სავალ ნაწილებზე ჩამოტანილია ქვა-ღორღი. ჩვენი თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ გაწმენდის სამუშაოებს. განსაკუთრებით ინტენსიური ნალექი მოვიდა ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში. 500-ზე მეტი ცოცხალი ძალა და 30 თანამშრომელი ყველა პერიმეტრზეა მობილიზებული და ჩართულია სალიკვიდაციო სამუშაოებში. პროცესი პრობლემების სრულად აღმოფხვრამდე გაგრძელდება“, - განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა გიორგი პაპავამ.
„ნალექმა განსაკუთრებით დააზარალა ჩუღურეთის, ვაკის, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობა. დაიტბორა კერძო სახლები და სარდაფები, ოქროყანაში, ციურიხის ქუჩის N21-ში კი ჩამოიშალა გრუნტის დამჭერი კედელი. ასევე, ქალაქის მასშტაბით, დაიტბორა ქუჩები და რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია.
ძლიერი წვიმის შედეგად ნაძალადევის რაიონში, სანერგეს ქუჩაზე ჩამოიშალა მიწის მასა, რამაც დააზიანა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კედელი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამსულიან ოჯახს ნაძალადევის გამგეობამ დროებით ალტერნატიულ ფართში გადაყვანა შესთავაზა.
გარდა ამისა, სხვადასხვა უბანში მდებარე რამდენიმე შენობის ფასადზე ჩამოშლილია ბათქაში. ბახტრიონის ქუჩაზე ავტომობილები მოყოლილია ფერდიდან ჩამოშლილი მიწის ნაშალში. რაც შეეხება ლეღვთახევს, ადიდებული მდინარე უკვე დაუბრუნდა თავის ძველ ნიშნულს და უახლოეს დღეებში მოხდება ტერიტორიის გაწმენდა.
თბილისის მერიის წარმომადგენლები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს და ადგილზე რჩებიან პრობლემის სრულ აღმოფხვრამდე. ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე ხდება მყისიერი რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ, ისარგებლონ თბილისის მერიის ცხელი ხაზით - 032 2 72 22 22“, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
,,ჩემი პირველი ნერგის“ პროგრამის მეექვსე დღეს პირველკლასელებმა 1 500-ზე მეტი ნერგი დარგეს
29.10.2026.17:48
გამწვანების ღონისძიებები სამტრედიაში, ხონში, წყალტუბოში, სენაკსა და აბაშაში გაიმართა.ჯამში, 22 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს რეგიონებში 16 500-ზე მეტი ნერგი დაირგო.პროგრამა საქართველოს მასშტაბით 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მასში 41 000-ზე მეტი პირველკლასელი ჩაერთვება.„ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, რომლის მიზანია ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბავშვებში ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება.პროგრამის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონში პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ. ნერგების სახეობები რეგიონების კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. მათ შორისაა ქართული მუხა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიური და ელდარის ფიჭვი და სხვა სახეობები.თითოეული პირველკლასელისთვის გათვალისწინებულია ერთი ნერგი. ბავშვები უშუალოდ მონაწილეობენ დარგვის პროცესში, შემდგომ კი შესაძლებლობა ექნებათ, დააკვირდნენ საკუთარი ნერგის ზრდას და იზრუნონ მასზე.პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ელექტრონული პლატფორმა — https://cheminergi.eiec.gov.ge/ka, სადაც ბავშვებს, მშობლებისა და მასწავლებლების დახმარებით, შეუძლიათ დარგული ნერგის შესახებ ინფორმაციის შეყვანა და ფოტოს ატვირთვა. პლატფორმის საშუალებით შეიქმნება პროგრამის ფარგლებში დარგული ნერგების ერთიანი მონაცემთა ბაზა.პროგრამის განხორციელებაში ჩართულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით.