ეკატერინე მიქაბაძემ მდგრადობის ანგარიშგებისა და შესაბამისი მარწმუნებელი მომსახურების საკითხებზე გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაში - „მდგრადობის ანგარიშგება და შესაბამისი მარწმუნებელი მომსახურება: საერთაშორისო გამოცდილება და მნიშვნელობა საქართველოსთვის“.
სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე მიქაბაძემ ყურადღება გაამახვილა მდგრადობის ანგარიშგების მნიშვნელობაზე საბანკო სექტორისა და კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის. მისი განცხადებით, საერთაშორისო დონეზე მდგრადობის ანგარიშგება სულ უფრო მეტად ყალიბდება კორპორაციული მართვის, ეფექტიანი რისკების მართვისა და ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელოვან კომპონენტად.
„საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრად დაფინანსებას ფინანსური სტაბილურობისა და გრძელვადიანი ეკონომიკური მდგრადობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძვლად მიიჩნევს“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
მან ასევე ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ მდგრადი დაფინანსების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და ინიციატივებზე. კერძოდ, კომერციული ბანკებისთვის ESG სახელმძღვანელო პრინციპების, ESG ანგარიშგებისა და ინფორმაციის გამჟღავნების ჩარჩოს დანერგვაზე, ასევე მწვანე, სოციალური, მდგრადობისა და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებაზე.
ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, მდგრადი ფინანსების განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის ხარისხსა და სანდოობას, ხოლო შესაბამისი მარწმუნებელი მომსახურება ხელს უწყობს ინვესტორთა ნდობის გაძლიერებასა და ე.წ. „greenwashing“-ის რისკების შემცირებას.
„ვფიქრობთ, მდგრადობის ანგარიშგების დანერგვის პარალელურად ყურადღება უნდა გამახვილდეს ადგილობრივ ბაზარზე შესაბამისი მარწმუნებელი მომსახურების განვითარებასა და დანერგვაზეც“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - "მდგრადობის ანგარიშგების სარგებელი და გამოწვევები“, მონაწილეობა მიიღო ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, პოლონეთის აუდიტის ზედამხედველობის სააგენტოს (PANA), საპენსიო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეები საქართველოში მდგრადობის ანგარიშგების განვითარების მიმართულებებსა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე მსჯელობდნენ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.