ეკატერინე მიქაბაძემ OECD-ის ფინანსური განათლების საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს გამოცდილება გააზიარა
ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც წელს სომხეთის დედაქალაქი მასპინძლობდა. წლევანდელი შეხვედრის სადისკუსიო თემა ფინანსური მდგრადობის გაძლიერება იყო.
ღონისძიებას, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის 15 ქვეყნის 50-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში ფინანსური განათლების მნიშვნელოვანი პროექტებისა და საუკეთესო გამოცდილების შესახებ ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს. ასევე, გაიმართა პანელური დისკუსიები კვლევებზე დაფუძნებული პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავების, მოქალაქეთა ფინანსური ქცევების შესწავლისა და თამაშზე დაფუძნებული სწავლების უპირატესობების შესახებ.
კონფერენციის ფარგლებში შედგა საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ეკატერინე მიქაბაძისა და OECD-ის მომხმარებელთა უფლებების, ფინანსური განათლებისა და ჩართულობის ხელმძღვანელის მაილს ლარბის შეხვედრა, რომელზეც საქართველოსა და OECD-ის თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. როგორც მაილს ლარბიმ აღნიშნა, მნიშვნელოვანი და დასაფასებელია საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელთა კონტრიბუცია სხვა ქვეყნებისთვის ფინანსური განათლების შესახებ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. „ფინანსური განათლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ბევრ ინოვაციურ პროექტს ვახორციელებთ, თუმცა ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ ჩნდება ახალი გამოწვევებიც. ამდენად, OECD-ის პროგრამის გაგრძელება და მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისათვის“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
OECD-ის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სებ-ის ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთევან ახალკაცმა, რომელმაც ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით თამაშის ელემენტებზე დაფუძნებული პროგრამები და სამომავლო გეგმები წარადგინა. კონფერენციის მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი ინტერაქტიულმა, თამაშით სწავლების მეთოდზე დაფუძნებულმა საგანმანათლებლო პროექტებმა გამოიწვია.
კონფერენცია ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის (OECD/INFE) ორგანიზებით, OECD-ის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში გაიმართა. თანაორგანიზატორი სომხეთის ცენტრალური ბანკი იყო.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის „ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელი“ (OECD/INFE) 2008 წელს შეიქმნა და მისი მიზანია ფინანსური განათლების მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა. OECD/INFE ერთგვარი პლატფორმაა, სადაც ხდება ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება, ანალიტიკური და შედარებითი ანგარიშების მომზადება, კვლევა და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება. OECD/INFE 130-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე საჯარო ორგანიზაციას აერთიანებს.
სხვა სიახლეები
ლაშა ავალიანი ქანდაში მარცვლეულის შემნახველი მეურნეობის გახსნას დაესწრო
23.10.2026.12:35
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქანდაში კომპანიის „ინვეტ ჯგუფი“ მარცვლეულის შემნახველი მეურნეობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
ახალი ობიექტის ტევადობა 11 000 ტონას შეადგენს. მეურნეობა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სასილოსე რეზერვუარებით, რაც მარცვლეულის შენახვის პირობების მუდმივი კონტროლისა და პროდუქციის ხარისხის შენარჩუნების შესაძლებლობას იძლევა. ტენიანობისა და ტემპერატურის კონტროლი მარცვლეულის სათანადო პირობებში შენახვას უზრუნველყოფს და დანაკარგების შემცირებას უწყობს ხელს.
„თანამედროვე სასაწყობე ინფრასტრუქტურის განვითარება სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მოსავლის სათანადო პირობებში შენახვა პირდაპირ უკავშირდება პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებასა და სასოფლო-სამეურნეო დანაკარგების შემცირებას. მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორი თანამედროვე ტექნოლოგიებს ნერგავს და ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტიციებს ახორციელებს. სახელმწიფოს მხარდაჭერის მიზანიც სწორედ ასეთი ინიციატივების ხელშეწყობაა, რათა აგროსექტორში წარმოების შესაძლებლობები გაიზარდოს და საქმიანობა გრძელვადიან განვითარებაზე იყოს ორიენტირებული“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.
პროექტი „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში განხორციელდა. მისი ჯამური ღირებულება 4,4 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 1,5 მილიონი ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 364 818 ლარი - სახელმწიფო თანადაფინანსება.
შპს „ინვენტ ფიდი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია და 2015 წლიდან სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებით სარგებლობს.
პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, შემნახველი მეურნეობების შექმნის მიზნით, გაცემულია 939 მილიონი ლარის ღირებულების აგროსესხები, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 169 მილიონ ლარს აღემატება.