ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს უწყების დისკრედიტაციის მცდელობას - შემოსავლების სამსახური სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის განცხადებაზე
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სოციალურ ქსელ facebook-ზე მოქალაქე ანი ქავთარაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს.
როგორც შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული მოქალაქის განცხადება ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს უწყების დისკრედიტაციის მცდელობას.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება სოციალურ ქსელ facebook-ზე მოქალაქის მიერ, გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს უწყების დისკრედიტაციის მცდელობას.
შემოსავლების სამსახური განმარტავს - „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის, მებაჟე ოფიცრის მიერ, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, მოხდა საქართველოს მოქალაქის ბ.მ-ს და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის შეჩერება.
საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას, უფლებამოსილმა პირმა, ეჭვის საფუძველზე, განახორციელა მძღოლთან ინტერვიურება/გასაუბრება, (ინტერვიურების პროცესი ასახულია სამხრე კამერის ჩანაწერებში). აღნიშნული გასაუბრებისას, მძღოლმა განაცხადა, რომ არ გადაადგილებდა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს.
ავტომობილის, ბარგის და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ნაღდი ფულის სახით უცხოური ვალუტა - 19 100 აშშ დოლარი. ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 51 508,88 ლარი.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შემოსავლების სამსახური ვალდებულია, საბაჟო საზღვარზე განახორციელოს ყველა კონტროლის ღონისძიება, მათ შორის 30 000 ლარზე მეტი ნაღდი ფულის - ეროვნული და უცხოური ვალუტის, ჩეკების და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამტანი/მიმღები პირების იდენტიფიცირება და აღრიცხვა შესაბამის პროგრამულ მოდულებში.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის II ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა არადეკლარირებული ნაღდი ფულის ჩამორთმევა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს და არ გაავრცელონ დეზინფორმაცია, რომლის მიზანიც არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.