ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მსოფლიო ფორუმი პირველად ტარდება არამხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენს რეგიონში - დავით ნარმანია
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი, როცა სამ წელიწადში ერთხელ მსოფლიოს ენერგეტიკის მარეგულირებლები იკრიბებიან ერთად. მათი გაერთიანებები, საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც ენერგეტიკის განვითარებას უჭერენ მხარს, სამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენლები, რომლებიც ენერგეტიკაზე მუშაობენ - ძალიან საინტერესო ფორუმია.
სხვათა შორის, აღნიშნული ფორუმი პირველად ტარდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენს რეგიონში და პირველად ტარდება პატარა ქვეყანაში. ადრე ძალიან დიდ ქვეყნებს ერგოთ პატივი, რომ ემასპინძლათ ამ ფორუმისთვის - შეერთებულ შტატებს, კანადას, საფრანგეთს, გერმანიას და ასე შემდეგ.
ჩვენ სამი წლის წინ მოვიპოვეთ, ძალიან დიდი შრომისა და წვალების შედეგად, რომ საქართველოს ჰქონოდა შესაძლებლობა და აქ ჩაგვეტარებინა აღნიშნული ფორუმი.
გვაქვს ძალიან დიდი სამზადისი. საკმაოდ ბევრი - 400-მდე უცხოელი სტუმარია უკვე დარეგისტრირებული და რეგისტრაცია ბოლო დღემდე გრძელდება, საერთაშორისო წესების შესაბამისად. ასევე, ამ ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ენერგეტიკული ორგანიზაციები, გაერთიანებები, სამთავრობო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ ენერგეტიკის საკითხებზე.
პირველი დღე, 21 სექტემბერი, იქნება მასტერკლასები, ანუ სწავლება სხვადასხვა გამოცდილი ენერგეტიკული ორგანიზაციისა და მარეგულირებლების მხრიდან უცხოური გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. ჩვენთან არსებულ ენერგეტიკულ ორგანიზაციებს, ჩვენს თანამშრომლებს და, ასე შემდეგ, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, დარეგისტრირდნენ და ისწავლონ ძალიან ბევრი საინტერესო რამ.
არის ერთ-ერთი ძლიერი, ფლორენციის ენერგეტიკის სკოლა, რომელიც სპეციალურად ატარებს ამ მასტერკლასებს.
22-ში იქნება ღონისძიების გახსნა. 22, 23 და 24 სექტემბერს, სამი დღის განმავლობაში, იქნება ძალიან დატვირთული პანელური შეხვედრები, დისკუსიები ენერგეტიკის აქტუალურ საკითხებზე და რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ვინაიდან ენერგეტიკა არის საკმაოდ მრავალკომპონენტიანი, გეოპოლიტიკასთან და ეკონომიკასთან მჭიდროდ დაკავშირებული დარგი, იქნება ძალიან საინტერესო რეგიონული მიმოხილვები ენერგეტიკასთან დაკავშირებით, ისევე როგორც საუბარი რეგულირებაში არსებულ სიახლეებზე, მათ შორის თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის როლზე და იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს ყველაფერი სწორად ენერგეტიკის მართვის ოპტიმიზაციისთვის.
ამგვარ ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს მიიღებენ ის პირები, რომლებიც დაესწრებიან ფორუმს“, - აცხადებს დავით ნარმანია.
სხვა სიახლეები
დავით სონღულაშვილი ამერიკელ ღვინის პროფესიონალებსა და ჟურნალისტებს შეხვდა
18.09.2026.10:47
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი წამყვან ამერიკელ ღვინის ჟურნალისტებს და პროფესიონალებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ღვინის ამერიკის შეერთებულ შტატებში პოპულარიზაციის, მისი ცნობადობისა და მოთხოვნის ზრდის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.
დავით სონღულაშვილის განცხადებით, აშშ ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარია და, ბოლო წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ამერიკის ბაზარზე განხორციელებულმა არაერთმა მარკეტინგულმა ღონისძიებამ ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.
„ამერიკაში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია ღვინის პროფესიონალებთან და მედიის წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობა. საერთაშორისო ღვინის პროფესიონალებთან და მედიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა კარგი შესაძლებლობაა ღვინის დაყენების უძველესი ქართული მეთოდის, კულტურისა და ტრადიციების გასაცნობად. ვფიქრობთ, ეს გამოცდილება ხელს შეუწყობს ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდას და მისი უნიკალურობის წარმოჩენას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Glodow Nead Communications, LLC" ორგანიზებით, ღვინის პროფესიონალები ქართლისა და კახეთის რეგიონებში ქართული ღვინის მწარმოებელ 11 მარანს და კომპანიას ესტუმრნენ. ადგილზე გაეცნენ ღვინის წარმოების პროცესს, ქართული მეღვინეობის როგორც თანამედროვე, ისე ტრადიციულ მიდგომებს, და მიიღეს დეტალური ინფორმაცია ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში მათ დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინო და გაეცნენ ქართულ სამზარეულოსა და ღვინისა და ქართული კულტურის ურთიერთკავშირს.
„ციფრული ბიულეტენის „WineSpeed“-ის რედაქტორის და წიგნის „ღვინის ბიბლია“ ავტორის კარენ მაკნილის (Karen MacNeil) განცხადებით, საქართველოში ვიზიტი ქართული ღვინის უკეთ გაცნობისა და მისი მრავალფეროვნების ადგილზე აღმოჩენის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
„კალიფორნიიდან საქართველოში ჩამოსვლისას წარმოდგენაც არ მქონდა, თუ რამდენად გამორჩეული აღმოჩნდებოდა საქართველო და, მათ შორის, ქართული ღვინო. ამ მოგზაურობის განმავლობაში არაერთი უგემრიელესი ქართული ღვინო დავაგემოვნე. უსაზღვროდ მადლიერი ვარ ამ გამოცდილებისთვის. თქვენი ღვინის წარმოების უძველესი და უნიკალური ისტორია, ამავდროულად, ქართული ღვინის ძალიან საინტერესო და პერსპექტიულ მომავალზე მიანიშნებს“,- განაცხადა კარენ მაკნილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას „Glodow Nead Communications, LLC" ვიცე-პრეზიდენტი ალექს ფონდერნი (Alex Fondren), ფრილანსერი, „Apple News“-ის ავტორი შერლინ პიტერსი (Charlene Peters); ჟურნალ „Blood of Gods“-ის დამფუძნებელი და გამომცემელი სტეისი ბიუკენენი (Stacy Buchanan) და სომელიე, ღვინის მწერალი პიტ ჰოლანდი (Pete Holland) ასევე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.