ენერგო პროს საიდანაც ამოღება არა აქვს, ვერ ვაიძულებთ რომ განახორციელოს ინვესტიცია - დავით ნარმანია მესტიის მუნიციპალიტეტის გამრიცხველიანების აუცილებლობაზე
მესტიაში ელექტროენერგიის არამიზნობრივმა და უკონტროლო მოხმარებამ ენერგოსისტემის გადატვირთვა გამოიწვია, რის გამოც მოსახლეობა და ბიზნესები ხარისხიანი ელექტრომომარაგების პრობლემას აწყდებიან, - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ისაუბრა. დავით ნარმანიას თქმით, მუნიციპალიტეტში ერთი ოჯახის საშუალო მოხმარება ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით 7-8-ჯერ მაღალია.
„დღეს რომ ავიღოთ მესტიის მუნიციპალიტეტში საშუალო მოხმარება, საშუალოდ ერთი ოჯახი 7-8-ჯერ უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს ვიდრე სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც მრიცხველები აყენია და სადაც მოსახლეობა ჩვეულებრივ იხდის ელექტროენერგიის დადგენილ საფასურს. ეს არის სწორედ ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იმისა, რომ გადატვირთულია ხაზები, გადატვირთულია ქვესადგურები და ისევ მოსახლეობაზე და კომერციულ ობიექტებზე აისახება. ისინი ვერ ღებულობენ ხარისხიან ელექტროენერგიას, ძაბვა არის დაბალი, ხშირია ავარიები და გათიშვები და ხანდახან როცა ზამთარია, უხთოვლიანი პერიოდია, დღეების განმავლობაშიც არის ცალკეული მიმართულებებით ელექტროენერგია გათიშული. ჩვენ, როგორც მარეგულირებელი ვერ ვახდენთ კარგი გაგებით ზეწოლას ენერგო-პრო ჯორჯიაზე, რომ იქ ინვესტიცია ჩადოს და მოაწესრიგოს ქვესადგურები და ტრანსფორმატორები და ასე შემდეგ. იქ საიდანაც მას ამოღება არა აქვს, ვერ ვაიძულებთ რომ განახორციელოს ინვესტიცია. როცა ამოღება იქნება, როცა გადახდები წავა და ასე შემდეგ, მერე უკვე ჩვეულებრივ ინვესტიციაც განხორციელდება, ქვესადგურებიც მოწესრიგდება, გადამცემი ხაზებიც გაძლიერდება და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი აისახება ელექტროენერგიის ხარისხზე. მით უმეტეს როცა საკმაოდ დიდი რაოდენობით ტურისტი გყავს და ვერ ემსახურები ხარისხიანი ენერგიით, რა თქმა უნდა ეს საკუთრივ ტურიზმის, როგორც სექტორის განვითარებაზეც მოქმედებს. ამ თვალსაზრისითაც უნდა შევხედოთ ამ საკითხს“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
სხვა სიახლეები
სან-ფრანცისკო არის ინოვაციისა და კრეატიულობის გლობალური სიმბოლო - ჩვენ ვქმნით ახალ ხიდს, რომელიც იდეებს დააკავშირებს ახალ შესაძლებლობებთან და საქართველოს აქცევს ადგილად, სადაც ოცნებები გეოგრაფიით ვერ შეიზღუდება l მაკა ბოჭორიშვილი
05.06.2026.12:02
დღეს მართლაც განსაკუთრებული დღეა. ჩვენ ვქმნით ახალ ხიდს, რომელიც იდეებს დააკავშირებს ახალ შესაძლებლობებთან და საქართველოს აქცევს ადგილად, სადაც ოცნებები გეოგრაფიით ვერ შეიზღუდება, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სან-ფრანცისკოში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ცენტრის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
„სან-ფრანცისკო არის ინოვაციისა და კრეატიულობის გლობალური სიმბოლო, სადაც წარმოსახვა რეალობად გარდაიქმნება და იდეები კომპანიებად იქცევა. ეს არის ადგილი, სადაც ოცნებები მომავლად შენდება. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ და ვიწყებთ ახალი კავშირების შენებას საქართველოს მზარდი პოტენციალისთვის. საქართველო პატარა, თუმცა სტრატეგიული ქვეყანაა, რომელიც თავად არის დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის და წარმოების მნიშვნელოვანი მაკავშირებელი დიდ ბაზრებთან“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.