ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს
ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაზარზე გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებიც კრიპტო აქტივებით ვაჭრობის გზით სარგებლის მიღების მიზნით, მოსახლეობისგან ფულად სახსრებს იზიდავენ. მსგავსი ტიპის საქმიანობა შესაძლოა წარმოადგენდეს "ფინანსური პირამიდის" კლასიკურ მოდელს, რომლის მთავარი მიზანია არა ბიზნესის განვითარება, არამედ ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების მოზიდვა. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად წარმატებული ჩანს კომპანია დროის რომელიმე მომენტში, სქემა აუცილებლად იშლება, როდესაც შეუძლებელი ხდება ახალი წევრის და/ან დამატებითი თანხის მოზიდვა და შედეგად, კომპანია ვეღარ ისტუმრებს წევრების მიმართ არსებულ ვალდებულებებს.
ყველა მსგავსი სქემა მაღალი რისკის შემცველია, რამდენადაც მათი დაშლის წინასწარ განჭვრეტა პრაქტიკულად შეუძლებელია.
საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე. უპირველეს ყოვლისა, წინასწარ მოიძიონ ინფორმაცია კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის, ასევე მისი გადამხდელუნარიანობის შესახებ, გაარკვიონ რეგულირდება თუ არა მსგავსი კომპანია რომელიმე უწყების მიერ. ასეთი კომპანიები, მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მიზნით, შეიძლება ორგანიზაციის დასახელებაში იყენებდნენ ტერმინებს "საფინანსო", "საბროკერო", "საინვესტიციო", და ა.შ. რაც ავტომატურად არ გულისხმობს, რომ ეს კომპანია არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული ან/და ლიცენზირებული სუბიექტი.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, თანხის დაბანდების გადაწყვეტილება მხოლოდ სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე შესაძლო რისკების შესწავლისა და გააზრების შემდგომ მიიღონ.
სხვა სიახლეები
პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში პირველკლასელებმა მეორე დღეს 2 933 ნერგი დარგეს
23.10.2026.17:42
საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში, მეორე დღეს პირველკლასელებმა 2 933 ნერგი დარგეს.
გამწვანების ღონისძიებები ქედაში, შუახევში, ამბროლაურში, ონში, ცაგერში, კასპში, ბორჯომში, ახალციხეში, თიანეთსა და დუშეთში გაიმართა. პროგრამა ხის დარგვის საერთაშორისო დღეს დაიწყო და საქართველოს მასშტაბით 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მასში 41 000-ზემეტი პირველკლასელი ჩაერთვება.
„ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, რომლის მიზანია ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბავშვებში ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება.პროგრამის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონში პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ.
ნერგების სახეობები რეგიონების კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. მათ შორისაა ქართული მუხა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიურიდა ელდარის ფიჭვი და სხვა სახეობები.თითოეული პირველკლასელისთვის გათვალისწინებულია ერთი ნერგი. ბავშვები უშუალოდ მონაწილეობენ დარგვის პროცესში, შემდგომ კი შესაძლებლობა ექნებათ, დააკვირდნენ საკუთარი ნერგის ზრდას და იზრუნონ მასზე.პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ელექტრონული პლატფორმა - cheminergi.eiec.gov.ge, სადაც ბავშვებს, მშობლებისა და მასწავლებლების დახმარებით, შეუძლიათ დარგული ნერგის შესახებ ინფორმაციის შეყვანა და ფოტოს ატვირთვა.
პლატფორმის საშუალებითშეიქმნება პროგრამის ფარგლებში დარგული ნერგების ერთიანი მონაცემთა ბაზა.პროგრამის განხორციელებაში ჩართულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.