ეროვნული ბანკის მოწვევითა და JP Morgan-ის თანაორგანიზებით საქართველოს ამერიკელი ინვესტორების დელეგაცია ეწვევა
საქართველოს ეროვნული ბანკის მოწვევით, ქვეყანას ამერიკელი ინვესტორების დელეგაცია ეწვევა, რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ საერთაშორისო საინვესტიციო და ფინანსურ კომპანიებს, როგორებიცაა JPMorgan, Morgan Stanley Investment Management, Kirkoswald, Aberdeen, MetLife და სხვა.
ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი ინვესტორები სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან. გარდა ამისა, ერთობლივი შეხვედრა გაიმართება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ნათია თურნავასთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან.
შეხვედრისას ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი ამერიკელ ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და მაკროეკონომიკურ პარამეტრებს გააცნობენ. ასევე მიაწვდიან ინფორმაციას საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორის მდგრადობაზე.
„ამერიკელი ინვესტორების საქართველოში ვიზიტი მიზნად ისახავს საერთაშორისო ინსტიტუციონალურ ინვესტორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაცვლას. მსგავსი ფორმატის შეხვედრების ფარგლებში ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ქვეყნის მაკროეკონომიკურ გარემოსა და საფინანსო სექტორში არსებულ ვითარებას. აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკელი ინვესტორების ნდობას და საქართველოსადმი მაღალ ინტერესს“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.
საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკელი ინვესტორების ჯგუფი ასევე მონაწილეობას მიიღებენ კაპიტალის ბაზრების რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც წელს "თიბისი კაპიტალის" ორგანიზებითა და საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით იმართება.
სხვა სიახლეები
ComCom-ისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შორის მედიისა და ელექტრონული კომუნიკაციების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
06.10.2026.14:35
კომუნიკაციების კომისიამ საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებსა და ამერიკელ ექსპერტ შეინ თიუსთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კომუნიკაციებისა და მედიის მარეგულირებლების ცვალებადი როლი იყო. შეინ თიუსი საკონსულტაციო კომპანია „ლოგან სერქლ სტრატეჯიზის“ (Logan Circle Strategies) პრეზიდენტი და „ამერიკული მეწარმეობის ინსტიტუტის“ (American Enterprise Institute) უფროსი მკვლევარია. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ციფრული ეკონომიკა, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, ინტერნეტის მმართველობა, მონაცემთა დაცვა და ახალი ტექნოლოგიები.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ელექტრონული კომუნიკაციებისა და მედიის სექტორებში არსებულ გლობალურ ტენდენციებსა და ახალ პრიორიტეტებს. მონაწილეებმა ასევე განიხილეს, რა შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ქმნის ხელოვნური ინტელექტისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარება მომხმარებლების, სატელეკომუნიკაციო ოპერატორების, მედიამომსახურების მიმწოდებლებისა და მარეგულირებელი ორგანოებისთვის.
დისკუსია შეეხო ხელოვნური ინტელექტის მართვასა და ამ მიმართულებით ტელეკომუნიკაციებისა და მედიის მარეგულირებელი ორგანოების როლს, ასევე ტელეკომუნიკაციების, კონკურენციის, მონაცემთა დაცვის, მომხმარებელთა დაცვისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში მოქმედ უწყებებს შორის კოორდინაციას.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ეფექტიან რეგულირებასა და ინოვაციას, ინვესტიციებსა და კონკურენციას შორის ბალანსზე. საუბარი შეეხო ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ კიბერუსაფრთხოების რისკებსა და სატელეკომუნიკაციო ქსელების მდგრადობას.
დისკუსიის ფარგლებში განიხილეს აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული მარეგულირებელი მიდგომები და პრაქტიკული გამოცდილება.
დასასრულს, სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს როლზე გლობალურ ციფრულ გარემოში, ქვეყნის პოტენციურ კონკურენტულ უპირატესობებსა და სტრატეგიული განვითარების შესაძლებლობებზე.