ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის თანაორგანიზებით, თბილისში რეგიონის მასშტაბით პირველად, 15-მდე ქვეყნის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, უმსხვილეს ამერიკულ ბანკ J.P. Morgan-თან თანამშრომლობით, თბილისში რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრას უმასპინძლა.
აღსანიშნია, რომ ამ ფორმატის ღონისძიება JP Morgan-თან თანამშრომლობით რეგიონში პირველად ჩატარდა.
შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა მსგავსი მასშტაბის შეხვედრის მნიშვნელობას და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსა და ფინანსური სექტორის განვითარების დინამიკაზე ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა ეკონომიკურ პროგრესში ფინანსური სექტორის როლი და ქართული ფინანსური ინსტიტუტების მზარდი საერთაშორისო აღიარება.
მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა კაპიტალის ბაზრების განვითარებასა და ინვესტიციებისთვის სულ უფრო კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაზე მუშაობას განაგრძობს.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონული მაკროეკონომიკური გარემო და მონეტარული პოლიტიკის წინაშე არსებული გამოწვევები იყო. მონაწილეებმა იმსჯელეს გლობალურ ეკონომიკურ ცვლილებებზე და ერთმანეთს ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის გამოცდილება გაუზიარეს. ცალკეული სესიები დაეთმო გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე აქტივებისა და საერთაშორისო რეზერვების მართვას, ასევე ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითარების პერსპექტივებს.
ღონისძიების მიზანია რეგიონის ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაცვლა და საერთო გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების ხელშეწყობა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში პირველ მსგავს ღონისძიებას სწორედ ჩვენ ვმასპინძლობთ. განსაკუთრებით სასიხარულოა თბილისში ამდენი კოლეგის ხილვა, რომლებიც 15-მდე ცენტრალურ ბანკს, განვითარების ორგანიზაციასა და ფინანსურ სექტორს წარმოადგენენ. მსგავსი შეხვედრები ფასეულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკების განვითარების განმსაზღვრელ აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებების გაზიარების საშუალებას გვაძლევს, არამედ იმიტომაც, რომ ქმნის ღია საუბრის, ერთმანეთისგან სწავლისა და ჩვენს ინსტიტუტებს შორის ურთიერთობების განმტკიცების შესაძლებლობას", - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს 15-მდე ქვეყნის, მათ შორის უნგრეთის, პოლონეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, სომხეთის, ყაზახეთის და სხვა ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებმა, ვიცე-პრეზიდენტებმა და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა, ასევე J.P. Morgan-ის, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.