ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემას 500-მდე ახალი თანამშრომელი დაემატება, მათგან 401 - ტყის მცველის პოზიციაზე
ეროვნული სატყეო სააგენტოს ცენტრალურ აპარატსა და რეგიონულ სატყეო სამსახურებში 401 ტყის მცველის პოზიციაზე კანდიდატთა შერჩევა მიმდინარეობს.
ვაკანსიები ეროვნული სატყეო სააგენტოს რეფორმის ფარგლებში გამოცხადდა, რომლის მიზანი ტყის დაცვის გაძლიერება და ტყითსარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებაა.
რეფორმის ფარგლებში, 1.7 მილიონ ჰექტარზე მეტი ტყის ფონდი 903 სამცველოდ დაიყო. თითოეული სამცველო ტყის მცველს პერსონალური პასუხისმგებლობით გადაეცემა. ტყის დაცვისა და კონტროლის გაძლიერების მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემას, ჯამში, 499 ახალი თანამშრომელი დაემატება, მათგან 401 - ტყის მცველი.
ვაკანსიებზე განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ სრულწლოვან პირებს, რომლებსაც სრული ზოგადი განათლება აქვთ.
"ეროვნული სატყეო სააგენტოს რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვნად ძლიერდება ტყის დაცვის კომპონენტი. უკანონო ჭრების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, 1.7 მილიონ ჰექტარზე მეტი ტყის ფონდი 903 სამცველოდ დაიყო. თითოეული სამცველო ტყის მცველს პერსონალური პასუხისმგებლობით გადაეცემა, რაც ტყის დაცვისა და კონტროლის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. რეფორმის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემას 499 ახალი თანამშრომელი დაემატება, მათგან 401 ტყის მცველის პოზიციაზე. ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია რეგიონების მიხედვით სააგენტოს ოფიციალურ Facebook გვერდზე განთავსდა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო ღია და გამჭვირვალე კონკურსში", - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა.
კონკურსის შედეგად შერჩეული პირები ეროვნული სატყეო სააგენტოს ცხრა რეგიონულ სატყეო სამსახურში გადანაწილდებიან.
სხვა სიახლეები
GCCA-მა შპს „ელექტრიფაი საქართველოს“ მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დაუდგინა
26.08.2026.11:02
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ელექტრიფაი საქართველოს" მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადასტურა.
საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოვაჭრემ მომხმარებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი მომსახურება არ გაუწია. კერძოდ, ელექტრომობილის დამუხტვის პროცესში წარმოშობილი სისტემური ხარვეზის გამო, დამტენმა სადგურმა არ შეწყვიტა ენერგიის მიწოდება, მიუხედავად ავტომობილის მხრიდან ნულოვანი მოთხოვნისა, რის შედეგადაც მომხმარებლის ავტომობილი დაზიანდა.
მიუხედავად ამისა, მოვაჭრემ მიყენებული ფინანსური ზიანის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა და, საკუთარი კომპანიის შიდა წესებზე დაყრდნობით, პასუხისმგებლობა მოიხსნა. საქმის წარმოების პროცესში მოვაჭრემ ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი და ვერ გააქარწყლა მომსახურების არაჯეროვანი შესრულების ვარაუდი.
გარდა ამისა, დარღვევა გამოიკვეთა კომპანიის სავაჭრო პოლიტიკასა და სტანდარტულ პირობებში. სააგენტოს შეფასებით, მოვაჭრის „გენერალური წესები და პირობები" შეიცავდა უსამართლო დებულებებს, რომლებიც კომპანიას ტექნიკური ხარვეზით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობისგან უსაფუძვლოდ ათავისუფლებდა.
დამატებით, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობის ფაქტიც. კერძოდ, კომპანიის პირობები მომხმარებელს უქმნიდა მცდარ წარმოდგენას, თითქოს ნებისმიერი ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში, მისი გამომწვევი მიზეზის მიუხედავად, მას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა. სააგენტოს შეფასებით, მსგავსი პრაქტიკა მომხმარებელს კანონიერი უფლებების რეალიზების შესაძლებლობას უზღუდავდა.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ელექტრიფაი საქართველოს" დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლებები, რაც დაზიანებული დეტალების თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანასა და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს, შეწყვიტოს უსამართლო კომერციული საქმიანობა და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.
კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის არაუმეტეს 2%-ის ოდენობით. 12 თვის განმავლობაში განმეორებითი დარღვევა დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს.