ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, ივნისის თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 70 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 70 ფაქტი გამოავლინეს.
ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 30 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 5 - ქვემო ქართლის, 4 - შიდა ქართლის, 6 - სამცხე-ჯავახეთის, 13 - გურიის, 3 - იმერეთის, ხოლო 9 ფაქტი გამოვლენილია რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
სამართალდარღვევის მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია; ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში.
2023 წლის ივნისში, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 220 კუბურ მეტრამდე მერქანი, მათ შორის, 150 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე, ხოლო 70 კუბურ მეტრამდე მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისის თვის ჩათვლით პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 605 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1770 კუბური მეტრი შეადგინა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.