ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სემინარს უმასპინძლა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) თბილისში, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან პარტნიორობით, ჩაატარა ეროვნული სემინარი თემაზე: "მაკროეკონომიკური ანალიზი/ფინანსური პროგრამირება და პოლიტიკა (FPP)".
სემინარს საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (CCAMTAC) წამყვანი ანალიტიკოსები უძღვებოდნენ.
სემინარი მიზნად ისახავდა საჯარო მოხელეებისთვის მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების შესაძლებლობების განვითარებას. კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად, შეხვედრის მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ გაეფართოებინათ პროფესიული კავშირების წრე. ასეთი ტრენინგი ხელს უწყობს კოლეგებს შორის ეკონომიკური პოლიტიკის განხილვას, რითაც მხარს უჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ზედამხედველობასა და პროგრამულ მოლაპარაკებებს. სამუშაო შეხვედრაში აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის თანამშრომლები.
სემინარის ბოლოს პანელური დისკუსია გაიმართა, რომელიც საქართველოს ბოლო პერიოდის მოვლენებსა და ეკონომიკურ პერსპექტივას მიეძღვნა. დისკუსიაში მონაწილეობდნენ CCAMTAC-ის დირექტორი ბ-ნი ნორბერტ ფუნკე, ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი შალვა მხატრიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ცოტნე მარღია, რომელთაც ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკის ტენდენციებზე და მონაწილეებს კარგი შესაძლებლობა მისცეს მაღალი დონის ეკონომიკური პოლიტიკის დიალოგში ჩართულიყვნენ.
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა და სერტიფიკატები გადასცა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ. თავის გამოსვლაში მან სავალუტო ფონდის უწყვეტ მხარდაჭერასა და ინსტიტუტებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ვუმასპინძლოთ სემინარს, რომელიც საჯარო სექტორში მომუშავე სპეციალისტთა პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. დარწმუნებული ვარ, რომ ის ცოდნა, რასაც მონაწილეები ამ დონის საერთაშორისო ექსპერტებისგან შეიძენენ, ერთი მხრივ აამაღლებს მათ პროფესიონალიზმს და გააუმჯობესებს მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების ხარისხს, მეორე მხრივ კი გააღრმავებს თანამშრომლობას ჩვენს ორგანიზაციებს შორის", - განაცხადა ნათია თურნავამ.
ნორბერტ ფუნკემ საქართველოს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა სამუშაო შეხვედრის თბილისში ჩატარებისას გამოჩენილი სტუმართმოყვარეობისა და თანამშრომლობისთვის. მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი პოლიტიკის რჩევებით, დაკრედიტებით, ტრენინგებით და ტექნიკური დახმარებით საქართველოს ათწლეულების განმავლობაში უჭერდა მხარს. 750-ზე მეტმა ქართველმა ოფიციალურმა პირმა ისარგებლა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის თბილისში გამართული საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ვენის გაერთიანებული ინსტიტუტის (JVI) ტრენინგებით.
"სსფ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა ორმხრივად სასარგებლოა. საერთაშორისო სავალუტო ფონდით არა მხოლოდ საქართველომ ისარგებლა, არამედ ქართველმა ექსპერტებმა აქტიური წვლილი შეიტანეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესაძლებლობების განვითარებაში და საქართველოს რეფორმების გამოცდილება გაგვიზიარეს. წლის დასაწყისში, CCAMTAC-ის სამუშაო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ყაზახეთისა და უზბეკეთის მაღალი რანგის ცენტრალურ ბანკირებს უმასპინძლა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით. დასაფასებელია ხელისუფლების ფოკუსი და ინიციატივა პროფესიული სწავლის შესაძლებლობების შექმნისა და რეგიონული თანამშრომლობის გაფართოებისთვის", - განაცხადა ნორბერტ ფუნკემ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის პროფესიული განვითარების რეგიონული ცენტრი (CCAMTAC) წარმოადგენს სსფ-სა და ცხრა წევრი ქვეყნის (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) ერთობლივ პროექტს. ცენტრმა მუშაობა 2021 წელს ალმათიში დაიწყო და ემსახურება რეგიონს, სადაც 100 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ცენტრის ძირითადი საქმიანობა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისკენაა მიმართული.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.