ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სგპ ,,სარფსა" და ,,ფოთის" გაფორმების ეკონომიკურ ზონაში დიდი რაოდენობით საბრძოლო ვაზნები და ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებისთვის განკუთვნილი დენთი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფის" საბაჟო გამშვები პუნქტისა და ,,ფოთის “ გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს.
სგპ ,,სარფში“ თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსული მგზავრის ხელბარგის დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა 50 ცალი საბრძოლო ვაზნა, ხოლო ,,ფოთის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საერთაშორისო გადაზიდვების კონტეინერში განთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ, საბაჟო კონტროლის განხორციელებისას, საქართველოს მოქალაქის კუთვნილ ავტომობილში გამოვლენილი იქნა - 422 საბრძოლო ვაზნა, 2 პნევმატური სპორტული იარაღი, ასევე 2 000-ზე მეტი ტყვიის მასრა, 848 მასრის ჭურვი და ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებისთვის განკუთვნილი 2,5 კილოგრამი დენთი.
გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
სხვა სიახლეები
სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს - აშენდება საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი
11.08.2026.15:27
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთზე, სტეფანწმინდა-გველეთს შორის, მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
არსებული გზა არ აკმაყოფილებდა თანამედროვე სატრანზიტო მაგისტრალის სტანდარტებს და მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, რის გამოც მისი უბრალო რეაბილიტაცია ვეღარ უზრუნველყოფდა საჭირო უსაფრთხოებასა და გამტარუნარიანობას, რამაც განაპირობა მონაკვეთის სრულად ახლიდან მშენებლობის აუცილებლობა.
ახალი გზის პროექტი ითვალისწინებს 2-ზოლიანი, 4.5 კმ-იანი გზის, 2 ხიდისა და 2 გვირაბის მშენებლობას, მათ შორის — საქართველოში ყველაზე გრძელი, 2 კმ-იანი ხიდის აშენებას.
სამშენებლო მონაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სტეფანწმინდადან დარიალის ახალ გვირაბამდე გადის. ამჟამად 460 მეტრი სიგრძის გვირაბი უკვე გაჭრილია და მიმდინარეობს შიდა მოსახვის სამუშაოები, მეორე, 846 მეტრი სიგრძის გვირაბზე კი მიმდინარეობს ბურღვითი სამუშაოები. ორივე გვირაბზე ასევე ეწყობა ხიმინჯები.
სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი გზის ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამავდროულად მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება როგორც მგზავრობის უსაფრთხოება, ისე რეგიონის წვდომა საჭირო სერვისებზე წლის ნებისმიერ სეზონზე.
პროექტის ღირებულება 215.5 მილიონი ლარია, ხოლო მისი დასრულება იგეგმება 2027 წელს.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციისთვის მნიშვნელობის მაგისტრალია - იგი E117 ევროპული მარშრუტისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო დერეფნის ნაწილია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ხელშეწყობაში. გზის მოდერნიზება გრძელდება რამდენიმე მიმართულებით - მათ შორის, ამავე გზაზე მიმდინარეობს ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი მონაკვეთისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობაც, სადაც მთავარი, 9 კმ-იანი გვირაბი უკვე გაჭრილია, ხოლო წლის ბოლომდე დასრულდება გუდაურამდე მისასვლელი ახალი გზის მშენებლობა.
მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება წლის ნებისმიერ დროს უსაფრთხოდ ისარგებლოს გზით და მიიღოს წვდომა საჭირო ეკონომიკურ და სოციალურ სერვისებზე.