მსოფლიოში ცნობილი ბრენდი „ნაპოლეონი“ საქართველოში ჩამოისხმება
მსოფლიოში ცნობილი ბრენდი „ნაპოლეონი" საქართველოში ჩამოისხმება, - პროექტს მეღვინეობა კაჭრეთი" საფრანგეთის ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ და ტრადიციულ დისტილერია "ტესენდიესთან" თანამშრომლობით განახორციელებს.
"მეღვინეობა კაჭრეთის" ღვინისა და კონიაკის ქარხანაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქართული და ფრანგული კომპანიების პარტნიორობა საქართველოს ბიზნესგარემოსა და სახელმწიფო სტრუქტურებისადმი უცხოელი ინვესტორების ნდობის კიდევ ერთი დადასტურებაა.
„ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მეღვინეობა-მევენახეობის ტრადიციებით. ვამაყობთ იმით, რომ საქართველო არის მეღვინეობის ისტორიული, ტრადიციული კერა და საფრანგეთი არის კონიაკის სამშობლო. ვფიქრობ, ეს საინტერესო სინთეზი მოგვცემს საუკეთესო ხარისხის პროდუქტს საქართველოში. ჩემთვის ეს თანამშრომლობა არის მორიგი დასტური იმისა, რომ უცხოელ ინვესტორებსა და კომპანიებს აქვთ ნდობა საქართველოში ბიზნესგარემოს, ჩვენი კანონმდებლობისა და სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ. საქართველოს მთავრობა მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ასეთი ტიპის თანამშრომლობას უცხოურ კომპანიებთან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, Tessendier & Fils Distillery-ის აღმასრულებელმა დირქტორმა ჟერომ ტესენდიემ და მეღვინეობა კაჭრეთის'' დირექტორმა ნათია კარიჭაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, მთავრობის, პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „მეღვინეობა კაჭრეთი" დაათვალიერეს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.