ეს ადამიანი იყო ანტიკორუფციული სააგენტოს ძალიან გამოცდილი და ღირსეული თანამშრომელი, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა - სუს-ი უწყების თანამშრომლის გარდაცვალებაზე
„რაც იკვეთება ახლა და ვიცით თანამშრომლებისგან - ის ადრე მოვიდა დილით სამსახურში, როგორც ჩანს, აიღო იარაღი, გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან და თავის ავტომანქანაში იპოვეს გარდაცვლილი", - განაცხადეს სუს-ში უწყების თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
"ეს ადამიანი იყო ანტიკორუფციული სააგენტოს ძალიან გამოცდილი და ღირსეული თანამშრომელი, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა. პირველადი, რაც შეგვიძლია გითხრათ, არის ის რომ რამდენიმე თვის წინ საზღვარგარეთ გაიკეთა ბარიატრიული ოპერაცია, დაიკლო ათეულობით კილოგრამი, ამის გამო ჰქონდა ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემებიც. რაც იკვეთება ახლა და ვიცით თანამშრომლებისგან - ის ადრე მოვიდა დილით სამსახურში, როგორც ჩანს, აიღო იარაღი, გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან და თავის ავტომანქანაში იპოვეს გარდაცვლილი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით, ავტომანქანის გვერდით სავარძელზე დატოვა წერილი. ეს არის მხოლოდ პირველადი მონაცემები, რაც ჩვენთვის ცნობილია. სხვა დეტალებს გამოძიება დაადგენს", - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
„ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს დილით საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გარდაცვლილს თან ჰქონდა და წერილი, რომელიც გვერდითა სავარძელზე იქნა ნანახი. მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
სხვა სიახლეები
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა
05.05.2026.16:04
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, კერძოდ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, - განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილე ლაშა მაღრაძემ გააკეთა.
ლაშა მაღრაძის თქმით, სხვადასხვა, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისი ამჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობებისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების სასარგებლოდ, სისტემურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებასა და მათთვის გადაცემას.
„დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა, როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისათვის გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა სხვადასხვა კატეგორიის საიდუმლო მონაცემებს, რომლებიც დაკავშირებული იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებთან, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებულ ვითარებასთან, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ინფორმაციასა და ინფორმაციის გადაცემის დამკვეთებისათვის საინტერესო სხვა მონაცემებთან.
გარდა ამისა, მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლის დავალებით, დაკავებული პირი მუშაობდა საინფორმაციო პლატფორმების შექმნაზეც, რომლის მიზანი იყო მედია სფეროს წარმომადგენლების მოზიდვა და აღნიშნული ქსელის გამოყენებით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დაინტერესების შესაბამისად, სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის რეგიონის ქვეყნების მიმართულებით.
აღნიშნულ საქმიანობას ბრალდებული მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ახორციელებდა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნა მან.