ეს საშვილიშვილო საქმეა და აუცილებლად უნდა გაკეთდეს - თენგიზ ცერცვაძე რესპუბლიკურზე
„ახლანდელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე, ახალი, მულტიპროფილური, მინიმუმ, 500 საწოლზე გათვლილი, თანამედროვე საუნივერსიტეტო კლინიკა რომ უნდა გაკეთდეს, ვფიქრობ, ეს არავისთვის სადავო არ არის. თავის დროზე, სამედიცინო დაწესებულებების, თითქმის, 95% კერძო სექტორის ხელში გადავიდა. ამით, დაირღვა ბალანსი და კონკურენტუნარიანი გარემო, რაც მოქალაქეებისთვის, მომსახურების ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე აისახა. დღეს, სახელმწიფო ამის გამოსწორებას ცდილობს. ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს გაკეთება ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა, მაგრამ აუცილებლად უნდა გაკეთდეს, ეს საშვილიშვილო საქმეა და ამაზე კამათი არ უნდა იყოს“, - ამბობს ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე.
მისი თქმით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მნიშვნელობასთან ერთად, პრიორიტეტი უნდა იყოს კლინიკის თანამშრომლების ინტერესები.
„მიუხედავად ამ საქმის საშვილიშვილო მნიშვნელობისა, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს თანამშრომელთა ინტერესებს, რომ მიიღონ ღირსეული ანაზღაურება და ღირსეული დასაქმების პირობა, რასაც მათ მოქმედი მთავრობა - ჯანდაცვის მინისტრი და პრემიერ-მინისტრი - ჰპირდება“.
რაც შეეხება ახალი რესპუბლიკურის შენობის საკითხს, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მხოლოდ ექსპერტების ჯგუფს შეუძლია, პასუხი გასცეს შეკითხვას, არსებული შენობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია უნდა მოხდეს, თუ სრულიად ახალი ნაგებობები აშენდეს.
„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ხარჯთეფექტურობა, რა დაჯდება უფრო მეტი - არსებულის რეაბილიტაცია, თუ - ახლის აშენება. ყველა ამ საკითხზე, ვიცი, რომ უკვე მუშაობენ არა მარტო ქართველი, არამედ მოწვეული, საერთაშორისო ექსპერტები. როგორც უკვე დაანონსდა, პარასკევს, ჯანდაცვის მინისტრი, დეტალური პრეზენტაციით, რესპუბლიკურის თანამშრომლებისა და საზოგადოების წინაშე წარდგება და ყველა საკითხს გააცნობს მათ“, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.