ეტაპობრივად, საცხოვრებლით უზრუნველვყოფთ, უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახებს - პრემიერი ახალ პროგრამას აანონსებს
ჩვენ მოვიცავით თითქმის ყველა ჯგუფი, გაიზრდება 9 აპრილის მონაწილეთა, პოლიტრეპრესირებულთა ოჯახის წევრების ყოველთვიური საყოფაცხოვრებო სუფსიდია და ეს ჯამურად საკმაოდ დიდი თანხებია, რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს, საკმაოდ მცირე თანხები იყო და ესეც ზოგჯერ გავაოთხმაგეთ და გავახუთმაგეთ რიგ შემთხვევაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მომდევნო წელს დაიწყება ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად, საცხოვრებლით უზრუნველყოფილნი იქნებიან უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახები.
„ასევე მომდევნო წელს ჩვენ დავიწყებთ ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად, საცხოვრებლით უზრუნველვყოფთ, უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახებს. ჩემი დავალებით, ჩვენ შევისწავლეთ რეგიონში არსებული სიტუაცია, სამი შვილი და მეტი ვისაც ჰყავს, უსახლკარო ან გაუსაძლის პირობებში, ასე ვთქვათ, მაცხოვრებლებს, შევაფასეთ მათი მდგომარეობა და ასეთი არის დაახლოებით 1000-ამდე ოჯახი, ვისაც 3 შვილი და მეტი ჰყავს და არიან გაჭირვებულები და სოციალურად დაუცველები. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 1000- ამდე ასეთი ოჯახს ჩვენ შევუძენთ ბინებს და იცხოვრებენ ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში. ეს იქნება ორ წლიანი პროგრამა მაქსიმუმ. ჩვენ გაისად დავიწყებთ ამ პროგრამას და აქაც დაახლოებით 50 მილიონი ლარი ჯამურად დაიხარჯება, 25 მილიონი ლარი დაიხარჯება 2024 წელს და შემდეგ მეორე 25 მილიონი ლარი 2025 წელს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები იღებდნენ ასეთ ყურადღებას და მთავრობისგან არცერთი არ უნდა იყვნენ მიტოვებული", - განაცხადა პრემიერმა
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.